ეს იქნება საცირკო წარმოდგენა, მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ – ალუდა ღუდუშაური

რიგგარეშე სხდომაზე არაფერი სამუშაო პროცესი არ იქნება წარმართული, ეს იქნება საცირკო წარმოდგენა – ჩვენ მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობა არ არსებობს და ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ პროცესში უნდა ჩაერთოს, რომელიც ევროკავშირის პირობების დასაკმაყოფილებლად წამოიწყეს.

„ჩვენ ვაპირებთ სამუშაო წარვმართოთ იმდაგვარად, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს ინკლუზიურად განვითარება. რა უნდა იყოს რიგგარეშე სხდომაზე, როცა დღეს მთავარი სასიცოცხლო ამოცანა გვაქვს რეკომენდაციების შესრულება, ამ პროცესში ჩართულობა და როცა ამ პროცესს უცხადებ უნდობლობას, ბოიკოტს და ამბობ, რომ მასში არ ჩაერთვები, რა უნდა გააკეთონ ამათ გარდა იმისა, რომ უფასო საცირკო წარმოდგენა შესთავაზონ მოსახლეობას, ჩემთვის წარმოუდგენელია,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი პარლამენტში შეხვედრას მართავს. სამუშაო ჯგუფი ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ინიცირებული პროცესის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შეიქმნა.

ოპოზიცია პროცესში არ მონაწილეობს და რიგგარეშე სხდომის გამართვას ითხოვს, სადაც ის საკითხები უნდა გავიდეს, რომელიც მათი მოსაზრებით ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს.