რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ორმოც წლამდე ასაკის ქალი შვილმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 19 წლის შვილსა და დედას შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.
შვილის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.
მას სამ საათიანი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და არის მართვით სუნთქვაზე.
“38 წლის ქალბატონი შემოიყვანეს, რომელსაც აღენიშნებოდა მუცლის წინა კედელზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა. 15 წუთში იქნა შეყვანილი საოპერაციოში, ჩატარდა საკმაოდ მძიმე ოპერაცია. მრავლობითი დაზიანება იყო წვრილი ნაწლავის. ოპერაციის შემდგომ მოხდა რეანიმაციულ განყოფილებაში, ახლა იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობა სტაბილურია,” – ამბობს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პაპუნა ბახტაძე.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი უკვე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.