უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა თავისი რაკეტების ორი მესამედი უკვე გამოიყენა. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის რუსეთის განკარგულებაში სხვადასხვა ტიპის 600-ზე მეტი რაკეტა რჩება.
„რუსეთის დემილიტარიზაცია. უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე ასობით ზუსტი დამიზნების რაკეტის გამოყენებით, აგრესორი სახელმწიფო ამცირებს საკუთარ შესაძლებლობებს სამხედრო ობიექტებზე იერიშების მიტანის მხრივ“, – აცხადებს რეზნიკოვი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის დაწყებამდე რუსეთს „ისკანდერის“ 900 რაკეტა, საზღვაო ბაზირების „კალიბრის“ ტიპის 500 რაკეტა და Х-101 და Х-555 ტიპის 444 ფრთოსანი რაკეტა ჰქონდა, ახლა კი, შესაბამისად, 124, 272 და 213 რაკეტა დარჩა.