რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ტორეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს, – ინფორმაციას დონეცკის გუბერნატორი, პავლო კირილენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს და ფოტოს აქვეყნებს.
კირილენკოს განცხადებით, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
„8 დაღუპული, 4 დაჭრილი – ასეთია ტორეცკის დაბომბვის შედეგები, რაც რუსებმა დღეს დაახლოებით, 11:00 საათზე განახორციელეს.
ოთხ დაშავებულს შორის სამი ბავშვია.
წინასწარი ინფორმაციით, გასროლა მოხდა საარტილერიო დანადგარებიდან. ჭურვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას დაეცა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
გარდა ამისა, რუსებმა დააზიანეს ეკლესია და დაჭრეს ადგილობრივი მღვდელი. დაზიანებულია მაღალსართულიანი შენობები.
რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას – ყოველდღე გვყავს დაღუპულები და დაჭრილები. ყველა, ვინც ჯერ კიდევ დონეცკში რჩება, თავს სასიკვდილო საფრთხეში იგდებს.
მივმართავ რეგიონის ყველა მაცხოვრებელს, ნუ გახდებით რუსეთის სამიზნე, დროულად მოახდინეთ ევაკუაცია“, – წერს გუბერნატორი „ფეისბუკზე“.