როდესაც გყავს პარტიის ისეთი თავმჯდომარე, რომელიც შენი ტელევიზიის წამყვანის მორჩილებაშია ეს კიდევ უფრო სამარცხვინოა -რატი იონათამიშვილი ხაბეიშვილზე

მხოლოდ ღიმილის მომგვრელი არ არის, ეს გამოხატავს მთელ იმ ტრაგედიას, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება და იმ ტრაგედიას, რომელიც დაიმსახურა ამ პარტიამ თავისი რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა ხაბეიშვილის გუშინდელ განცხადებაზე საუბრისას.

„როდესაც გყავს პარტიის ისეთი თავმჯდომარე, რომელიც შენი ტელევიზიის წამყვანის მორჩილებაშია ეს კიდევ უფრო სამარცხვინოა. ძალიან კარგია და ეს ყველაფერი აისახება იმ შედეგებზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააქრობს ქართული პოლიტიკიდან“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

მოგვიანებით განცხადება პარტიის სახელითაც გავრცელდა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.