როცა სჭირდებათ პრეზიდენტთან დაძუნძულებენ, როცა არა – აგინებენ – ბექა ოდიშარია

“ქართული ოცნების” წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ოპოზიცია პრეზიდენტს მხოლოდ მაშინ ემადლიერება, როცა ის მათ სასარგებლო ნაბიჯებს დგამს, დანარჩენ შემთხვევებში კი მას “ბრიყვსა და არაკვალიფიციურს” უწოდებს.

ჩვენი ვარაუდით, არის მიზანი, ფარცხალაძის თემა დარჩეს დღის წესრიგში და რადიკალურ ოპოზიციას მიეცემა რყევის საშუალება ადამიანზე, რომელთან დაკავშირებითაც მარტივად შეიძლება, იყოს გადაწყვეტილება მიღებული, – აცხადებს„ქართული ოცნების“ წევრი, ბექა ოდიშარია.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახური მოკვლევას დაასრულებს და დასკვნები გაკეთდება, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მისი დასანქცირება ან მოხდება, ან – არა.

„ჩვენ პოლიტიკურ პროცესს და იმ განცხადებებს მივყვებით, რომელსაც პრეზიდენტი აკეთებდა. საკითხს თუ ქრონოლოგიურად და ობიექტურად გავყვებით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ელოდებოდა დაუყოვნებლივ იუსტიციის სამინისტროსგან შესაბამის დასკვნას, რის საფუძველზეც მოახდენდა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გაუქმებას. იუსტიციის სამინისტრომ აღასრულა პრეზიდენტის მოწოდება და მას უმოკლეს ვადაში, პრაქტიკულად, მეორე დღეს მიაწოდა შესაბამისი დოკუმენტაცია. ამის შემდეგ პაუზამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ამ პაუზამ მოახერხა ის, რომ „ქართული ოცნება“ და რადიკალური ოპოზიცია ამ პოზიციაში ერთმანეთს დაემთხვნენ. ჩვენ კორექტულად ვსაუბრობთ და ობიექტური მიზეზები გვაინტერესებს, რადიკალური ოპოზიცია კი, მას ბრიყვს, არაკვალიფიციურს უწოდებს, შეურაცხყოფებს აყენებს, როგორც ამას აკეთებდნენ მისი არჩევნების დროს. როდესაც სჭირდებათ, ქალბატონ სალომესთან დაძუნძულობენ, როდესაც ხვდებიან, რომ მათთვის რაღაც სასარგებლოდ არ ხდება, იმ წუთას დედის გინებაზე გადადიან.

სამართლებრივი საკითხი განიმარტა, ერთი მეორეს ხელს არ უშლის არავითარ შემთხვევაში. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, თუ ის სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, პასუხს აგებს კიდეც სრული სიმკაცრით მართლმსაჯულების წინაშე. ახლა ჩვენ ვარაუდი გვაქვს, რომ მიზანი არის მხოლოდ ის, რომ ეს თემა დღის წესრიგში დარჩეს და რადიკალურ ოპოზიციას კვლავ მიეცემა რყევის საშუალება ადამიანზე, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან მარტივად შეიძლება, გადაწყვეტილება იყოს მიღებული. მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახური მოკვლევას დაასრულებს და დასკვნები გაკეთდება, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მისი დასანქცირება ან მოხდება, ან არა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.