“რა კარგად “ტენეს” ჯიპები და მიწები საპატრიარქოს… აი, “ჭეშმარიტი რეალობის” შედეგიც”- ლაშა ბუღაძე

“ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად ძალა მოიკრიბეო… რომელი რეალობის? ციხის თუ მეტაფიზიკურის? მილოცვაა თუ რაიმე შეფარული წყევლის მაგვარი?.. რა კარგად “ტენეს” ჯიპები და მიწები საპატრიარქოს… აი, “ჭეშმარიტი რეალობის” შედეგიც,” – ასე ეხმაურება  სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ წერილს.

 მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების და აღსაყდრების დღე წერილობით მიულოცა. ექსპრეზიდენტის წერილი საპატრიარქოში ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიიტანა. 

თავის მხრივ, საპასუხო წერილი მისწერა პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს. ილია II ექსპრეზიდენტს მოლოცვისთვის მადლობას უხდის და უსურვებს მხნეობას “ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად”.

“ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად,” – ნათქვამია პატრიარქის წერილში.