„ქართული ოცნებისთვის“ მთავარია ივანიშვილის მილიარდები და ხელისუფლებაში ყოფნა, ქართველი ხალხის არჩევანი ცალ ფეხზე ჰკიდიათ – პაატა მანჯგალაძე

„ქართული ოცნების“ გზავნილებიდან ნათლად იკითხება, რომ მათთვის მთავარია ივანიშვილის მილიარდები და ხელისუფლებაში ყოფნა, ქართველი ხალხის არჩევანი ცალ ფეხზე ჰკიდიათ – ამას ამბობს ყველა განცხადებაში ირიბად „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რეზოლუცია იყო წითელი შუქის ანთება ივანიშვილისთვის.

“ჯერ იყო და ამბობდნენ, რომ ოპოზიციას სურს ივანიშვილის დასანქცირება. მერე აღმოაჩინეს, რომ მთელი ევროპარლამენტი ასე ფიქრობს. ახლა ამბობენ, რომ რეზოლუციას აზრი არ აქვს. ისიც თქვეს, სტატუსის მონიჭება არაფერს გვაძლევს, მხოლოდ ვალდებულებებიაო. მე ვფიქრობ, გუშინდელი რეზოლუცია არის უფრო გაფრთხილება, წითელი შუქის ანთება ივანიშვილისთვის, ახლა საჭიროა ის პრობლემები, რომელზეც იყო საუბარი, ყველამ ერთად აღმოვფხვრათ. ახლა არ არის ნიშნის მოგების და ჩასაფრების დრო, მოქმედების დროა და მზად ვართ ვიმოქმედოთ საქართველოს ინტერესიდან გამომდინარე,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.