“პრეზიდენტი თუ არ გამოცხადდება, ეს ნიშნავს უპატივცემულობას სასამართლოსა და საზოგადოების მიმართ”-ანრი ოხანაშვილი

„ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, საკონსტიტუციო სასამართლოს, საზოგადოებას წარუდგინოს არგუმენტები, მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის მიზანმიმართული და უხეში დარღვევა მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი სასამართლო პროცესს თუ არ დაესწრება, ეს იქნება საზოგადოებისა და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა.

„დღეს გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების განხილვა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე. მოლოდინი გვაქვს, რომ გაჟღერდება სამართლებრივი საკითხები, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ სამართლებრივ, კერძოდ კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკითხებზე უნდა იყოს დისკუსია, მსჯელობა. „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, საკონსტიტუციო სასამართლოს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარუდგინოს არგუმენტები, მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციის მიზანმიმართული და უხეში დარღვევა მოხდა.

შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ სამართლებრივი პოზიციები ასევე გაჟღერდება პრეზიდენტის წარმომადგენლის თუ წარმომადგენლების მხრიდან, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სწორედ სამართლებრივ დისკუსიაში შევიდეს წარმომადგენლებთან. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შესაძლო არჩამოსვლას, თუ ის პროცესზე არ გამოცხადდება, ეს ნიშნავს უპატივცემულობას საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით და რაც მთავარია, უპატივცემულობას ჩვენი საზოგადოების მიმართ, ვინაიდან ახერხებს, რომ კონსტიტუციის მიზანმიმართული, უხეში დარღვევით გაფრინდეს საზღვარგარეთ, თუმცა არ კადრულობს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარდგომას და საზოგადოებისათვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რატომ გადაწყვიტა, ქვეყნის უზენაესი კანონი დაერღვია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კითხვაზე -„პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი სტატუსის ერთგვარ საბოტაჟად აღიქმება. გრძნობს თუ არა ამაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება“, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ უპასუხისმგებლო იმ შემთხვევაში იქნებოდა ხელისუფლების ქმედება, თუ კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე თვალს დახუჭავდა.

„ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და ვალდებულება გვაკისრია ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონის დაცვის. ჩვენი ქმედება იქნებოდა უპასუხისმგებლო, თუ თვალს დავხუჭავდით კონსტიტუციის უხეშ და მიზანმიმართულ დარღვევაზე. პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევის თანამონაწილე ვერ ვიქნებოდით, ამისი ვალდებულება დაგვაკისრა კონსტიტუციამ, ჩვენმა საზოგადოებრივმა ინტერესმა და ქვეყნის უზენაესმა კანონმა. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მიმართ, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას რომ ვგრძნობთ, ამიტომ დავიწყეთ ეს პროცედურა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, რამდენად შეიძლება, გაითვალისწინოს სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის არგუმენტი, რომ პირადი თანხებით ახორციელებდა ვიზიტებს, ოხანაშვილმა აღნიშნა:

„საქართველოს კონსტიტუცია ერთადერთ მუხლში ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, ერთ-ერთი უფლებამოსილება არის წარმომადგენლობითი საქმიანობის განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ ექსკლუზიურად საქართველოს მთავრობის თანხმობით. სხვა ჩანაწერს ვერსად ნახავთ, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია, განახორციელოს წარმომადგენლობა. ეს ნიშნავს, რომ მან წარმომადგენლობა განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. მეორე საკითხიც, თუ მიიჩნევს, რომ მისი ვიზიტი კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია, მაშინ რატომ დასჭირდა პირადი ხარჯების გაწევა. ამიტომ, ველოდებით ახსნას ამ კონკრეტულ საკითხებზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.