თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა და “გრინსერვის პლუსის” დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ პოლიციის განყოფილება დატოვეს.
ლაშა ფურცხვანიძის და გიგა გიგაშვილის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოკითხვა ორი დღე მიმდინარეობდა.
“ექსპერტიზით ნათქვამი იყო, რომ განხორციელებული სამუშაოები სრულად შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტაციას, სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, – ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილმა, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
თქმით, პირადად მისი ინტერესია სიმართლე გაირკვეს და დადგინდეს, რამ გამოიწვია ტრაგედია.
„რა თქმა უნდა, მე სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ყველა აუცილებელ ინფორმაციას, ასევე დოკუმენტურად, დამატებით რამე თუ იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, მივაწვდით. პირველ რიგში, პირადად ჩემი ინტერესია, რომ სიმართლე გაირკვეს და დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს საშინელი ტრაგედია. ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს მალე შესაბამის მიზეზს დავადგენთ, თუ რატომ მოხდა. ეს ყველაფერი არის საჯარო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს შესყიდვების ელექტრონულ საიტზე, ამოიღოს ინფორმაცია, რა ვალდებულებები გვქონდა ჩვენ, უშუალოდ გარემოს დაცვის სამსახურს და მუნიციპალიტეტს, რა ვალდებულებები ჰქონდა შემსყიდველ კომპანიას, რა ვალდებულებები ჰქონდა ექსპერტს და ა.შ. ჩვენი სამსახურის ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად არის, რომ შევამოწმოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მისი შესრულება, რომელსაც ხელს ვაწერთ მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი აკრედიტებული ან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე. ამასთან ერთად, მთლიანად ტენდერს და სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას მუნიციპალიტეტი უწევს. რა თქმა უნდა, არცერთი სამუშაო არ ჩაგვიტარებია, სადაც არ იყო ექსპერტიზა. ეს არის აკრედიტებული ექსპერტიზის ბიურო, რაც გათანაბრებულია, ყველა სხვა ექსპერტიზასთან.
ამ ექსპერტიზით ნათქვამი იყო, რომ განხორციელებული სამუშაოები სრულად შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტაციას და წარმოებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, ამაზე მეტი დასკვნა ბუნებაში არ არსებობს. რა თქმა უნდა, დასკვნა დიდია, დაახლოებით 500 გვერდი აქვს, თავისი დანართებით ელექტრონული გაყვანილობის, მილების გაყვანილობის და ჩვენ ეს დასკვნა გადავეცით გამოძიებას“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა მურადაშვილის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის 100-მდე პირია დაკითხული.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შსს-ს განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.