თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე დედაქალაქის ნაძალადევის და დიდუბის რაიონებში მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა. როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხს კომპლექსური მიდგომა და შესაბამისი ცოდნა სჭირდება. ნიკოლოზ კახეთელიძის თქმით, ოპოზიციას საკითხი შესწავლილი არ აქვს და პროტესტს მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებების გამო გამოთქვამს.
„როდესაც ურბანულ თემებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია საკითხში გარკვევა და თემის დარგის სპეციალისტებთან ერთად განხილვა. ოპოზიცია, რომელიც ნაძალადევის და დიდუბის რაიონებში მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტს არ იცნობს, პროტესტს მხოლოდ კონკრეტული გვარების მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულების და პოლიტიკური მოსაზრებების გამო გამოთქვამს. თქვენი კრიტიკა მისაღები იქნებოდა მაშინ, თუ გექნებოდათ რაიმე კვლევა, რომელშიც ეწერებოდა, რომ ამ ადგილას მსგავსი პროექტის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის.
გმირთა მოედნიდან თამარაშვილის მიმართულებით ე.წ. ახალი გზის მშენებლობა არქიტექტურის სამსახურთან პროექტის შეთანხმების და ტექნიკური დოკუმენტაციის არ არსებობის გარეშე დაიწყეთ. შესაბამისად, თქვენგან კრიტიკას ვერ მივიღებ“ – განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თქმით, ნაძალადევის და დიდუბის რაიონებში მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქის თანაბარ განვითარებას.