2027 წლის პირველი თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობები მკაცრდება. საუბარია კოეფიციენტების სისტემაზე, რომელიც სესხის მომსახურების ყოველთვიურ გადასახადის ზღვრის დაწესებას გულისხმობს.

 

მოქმედი ნორმით, მოქალაქეებს, რომლებსაც თვეში 1 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 25 პროცენტს, ანუ 375 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 1 500 ლარზე მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის კი სესხის მომსახურების დაშვებული ყოველთვიური მაქსიმალური ლიმიტი შემოსავლის 50 პროცენტი, ანუ 750 ლარია, ხოლო ახალი ნორმით, რომელიც ძალაში 2027 წლის პირველი თებერვლიდან შევა, სესხის აღების 25 პროცენტიანი ზღვარი 1 500-ის ნაცვლად, 2 000 ლარი იქნება, ხოლო 2027 წლის პირველი სექტემბრიდან 2 500 ლარამდე გაიზრდება.

 

როგორც ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. ახლა კი კომიტეტმა, კვლავ გადახედა კოეფიციენტის ზღვრებს და განაახლა. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას.

 

„ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების მორიგი რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო. სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება. ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა, ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით. შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას. ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია. ამასთან, აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება.

კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის პირველი სექტემბრიდან 2 500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.