“ნაციონალური მოძრაობა“ გამოჯანმრთელების გზას ადგას, რადგან ჩვენ ბევრი რამ გადავაფასეთ”- დავით ხაჯიშვილი

სამწუხაროა ჩვენი ზოგიერთი მხარდაჭერის შეფასება. არ ვიტყვი, რომ ეს კარგია, ის პროცესები, რაც იყო, ნაწილობრივ დამაზიანებელი იყო, როცა ჩვენი ცალკეული ლიდერები თუ პარტიის წევრები პირდაპირ პარტიაზე გადავიდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინც კრიტიკულად აფასებს ამა თუ იმ პროცესს, რამდენიმე თვეში თავიანთ პოზიციას გადააფასებენ.

„ახლა პარტია სწორ გზას ადგას, გამოჯანმრთელების გზას, რადგან ჩვენ ბევრი რამე გადავაფასეთ, შევისწავლეთ და უკვე ვძლიერდებით იმ დონემდე, რომ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, „ქართული ოცნების“ დამარცხება შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, ვინც კრიტიკულად აფასებს ამა თუ იმ პროცესს, რამდენიმე თვეში თავიანთ პოზიციას გადააფასებენ. დავსუსტდით და ახლა ვძლიერდებით. ყველა გამოცდილ კადრს, ვინც ქართულ პოლიტიკაშია და ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი აქვს გაკეთებული, რა თქმა უნდა, ჩვენს რიგებში ველოდებით. მათ შეცდომები აღიარეს და შემდეგ დაუბრუნდნენ პარტიას. ჩვენ მეორე შანსის გვჯერა და ჩვენს თანამებრძოლებს მეორე შანსს ვაძლევთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სტატუსს, 2016 წელს პარტიიდან ბოკერია გავიდა და დღეს ვხედავთ, რომ განულებული არიან. ეს აღწერა სააკაშვილმა და ეს ფაქტია. ვინც მასთან ერთად გავიდა, მათ შეცდომები გადააფასეს“, – განაცხადა ხაჯიშვილმა.