ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს ვრცელ ანალიტიკურ სტატიას სათაურით: “მთიან ყარაბაღში ცეცხლი შეწყდა, მაგრამ რა ბედი ელოდება წინ რეგიონს და მის სომხურენოვან მოსახლეობას?“ (ავტორები – ოლღა პროსვიროვა და მაგერმა ზეინალოვი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ყარაბაღის ახალი ომი ერთ დღე-ღამეზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა: არაღიარებული რესპუბლიკა დათანხმდა იარაღის დაყრაზე და სამხედრო ქვედანაყოფების დაშლა-გაუქმებაზე. ის, რაც 20 სექტემბერს მოხდა, უსიტყვო კაპიტულაციად უნდა ჩაითვალოს.
მომხდარის გარდაუვალობა
აზერბაიჯანი, ამ დღეს დიდი ხანი ელოდებოდა და ყველანაირად ცდილობდა მის მოახლოებას. 2020 წლის ნოემბერში ყარაბაღის მეორე ომი აზერბაიჯანის გამარჯვებით დამთავრდა – რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებით ბაქომ დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მდებარე ტერიტორიები (რომლებიც სომხეთის მიერ იყო ოკუპირებული 1990-იანი წლებიდან) და თვითონ მთიანი ყარაბაღის ნაწილი. რაც შეეხება არაღიარებული რესპუბლიკის უმეტეს ტერიტორიას, იქ რუსი მშვიდობისმყოფელები შევიდნენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასაცავად და სიტუაციის გასაკონტროლებლად. მაგრამ რეჟიმი ხშირად ირღვეოდა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში.
მართალია აზერბაიჯანმა 2020 წლის ნოემბერში გაიმარჯვა, მაგრამ ეს გამარჯვება სრული არ იყო: სომხეთთან ხელი არ მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას – იმიტომ, რომ მხარეები ვერ მორიგდნენ ყარაბაღელი სომხების სამომავლო ბედზე, მათი რაოდენობა კი 100 ათასს აღემატება. ბუნებრივია, აზერბაიჯანს დროის გაჭიანურება არ აწყობდა და ბაქო აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. მომენტიც შესაბამისი იყო: რუსეთი უკრაინასთან ომობდა და მთიანი ყარაბაღისათვის, შეიძლება ითქვას, მოსკოვს არც დრო ჰქონდა და არც ძალა.
აზერბაიჯანელებმა ყარაბაღელ სომხებს ერევანთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაკეტეს – ე.წ. „ლაჩინის დერეფანი“, რის გამოც მთიან ყარაბაღში მედიკამენტების, სურსათის და საწვავის დეფიციტი შეიქმნა – დაიწყო ჰუმანიტარული კრიზისი. აზერბაიჯანელებმა მათ ალტერნატიული გზა შესთავაზეს – აღდამიდან (ანუ უშუალოდ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან), მაგრამ სომხებმა უარი თქვეს. სიტუაცია თანდათან მწვავდებოდა, გახშირდა პროვოკაციები და… აზერბაიჯანმაც შეტევა დაიწყო.
მთიანი ყარაბაღელი სომხების უკანონო სამხედრო ქვედანაყოფები (ანუ ე.წ. „თავდაცვის არმია“) ძველი საბჭოთა ტექნიკის ნარჩენებით იყო შეიარაღებული, რამდენიმე ათასი ჯარისკაცს საბრძოლო მასალებიც აკლდათ. აზერბაიჯანმა პირველივე საათებში ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა გაანადგურა და საჰაერო სივრცის კონტროლი განახორციელა. ბაქომ სტეფანაკერტს ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა – ხელისუფლების ორგანოების დაშლა-გაუქმება, „თავდაცვის არმიის“ სრული განიარაღება (დაშლა) და სომხეთის ჯარის გაყვანა (თუმცა სომხეთმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მისი სამხედროები არ იმყოფებიან).
ყარაბაღის სეპარატისტული ხელისუფლების სწრაფი თანხმობა ბაქოს პირობებზე სხვა არაფერია, თუ არა წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა და უსიტყვო კაპიტულაცია
რა ბედი ელოდება ყარაბაღელ სომხებს?
21 სექტემბერს აზერბაიჯანის ქალაქ ევლახში ყარაბაღელი სომხებისა და აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლების მოლაპარაკებაა დაგეგმილი, თუმცა, კაცმა რომ თქვას, მას „მოლაპარაკებას“ ვერც უწოდებ: ერთ მხარეს ძალა აქვს და მოქმედების სრული თავისუფლება, მეორეს კი ფაქტობრივად, უუფლებოა და ხელში არავითარი კოზირი არ უჭირავს. ასეთ სიტუაციაში ბაქო, უბრალოდ, ყარაბაღელებს, თავის პირობებს წაუყენებს და ულტიმატუმის ენით დაელაპარაკება.
გარდა ამისა, ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას შიში აქვს, რომ ისინი რეპრესიების ქვეშ მოჰყვებიან. მართალია, ბაქო მუდმივად აცხადებს, რომ ყარაბაღელ სომხებს იგივე უფლებები ექნებათ, რაც აზერბაიჯანის მოქალაქეებს აქვთო, მაგრამ სომხები მაინც ვერ მშვიდდებიან. მათ კარგად იციან, თუ როგორ „კარგად“ არის დაცული ადამიანის უფლებები აზერბაიჯანში და პლუს ამას – სკოლებშიც კი ბავშვებს სომხების სიძულვილს უნერგავენ.
„აზერბაიჯანში ოფიციალურ ნარატივად სომეხოფობია რჩება, – ამბობს სოციოლოგი ბაჰრუზ სამედოვი, – ჯერ-ჯერობით ამ ნარატივის შესაცვლელად არავითარი მექანიზმი არ არსებობს. საბჭოთა კავშირმაც კი ვერ შეძლო ერთაშორისო სიძულვილის აღმოფხვრა, თუმცა არსებობდა ოფიციალური მითი, რომ ყველა მოქალაქე ერთმანეთის ძმა და მეგობარია. ისტორია გვაჩვენებს, რომ ასეთი ოფიციალური დისკურსიც კი ხალხის ხსოვნაზე გავლენას ვერ ახდენს. შესაძლოა, შერიგების მიზნით რაიმე [სახელმწიფო] პროექტები განხორციელდეს, მაგრამ ნამდვილი შერიგებისთვის მე ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ“.
არსებობს კიდევ ერთი პრობლემა – სიების არსებობა. ყარაბაღელი სომხები უკვე დიდი ხანია ირწმუნებიან, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ფარული სიები აქვს შედგენილი სომხების წინააღმდეგ, რომელთა მიხედვით, აღრიცხულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჩადენილი ანტიაზერბაიჯანული ქმედებები, რისთვისაც სომხებს დააპატიმრებენ და სასჯელს მიუსჯიან.
როგორ იქნება „ევლახის პრინციპები“?
აზერბაიჯანი წინა თვეებში მიანიშნებდა, რომ მას ყარაბაღელი სომხების ინტეგრაციის რაღაც გეგმა აქვს, მაგრამ მისი პუნქტები ჯერ-ჯერობით უცნობია.
„ყველაფერი დამოკიდებულია საწყის პოზიციებზე. შეიძლება გეგმის კორექტირება სიტუაციის მიხედვით მოხდეს. ამას სულ მალე გავიგებთ“, – ამბობს პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი.
ექსპერტის ვარაუდით, მთიან ყარაბაღში, ალბათ, მხოლოდ მოხუცი სომხებიღა დარჩებიან და სწორედ მათ წარადგენს აზერბაიჯანის ხელისუფლება „ინტეგრაციის ნაყოფად“, სხვებისთვის, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელი გუბერნატორის კონტროლის ქვეშ ცხოვრება აუტანელი იქნება.
„ვფიქრობ, ისე მოხდება, როგორც სერბულ კრაინაში, ხორვატეთში მოხდა: დაინიშნება მთიანი ყარაბაღის გუბერნატორი ბაქოდან. ვრცელდება ხმები, რომ აზერბაიჯანის კონსტიტუცია შეიცვლება და მუნიციპალიტეტებს მეტ უფლებებს მისცემენ. არ არის გამორიცხული, რომ ყარაბაღის პოსტკონფლიქტურმა რეგიონმა გარკვეული პრივილეგიები მიიღოს, მაგალითად, გათავისუფლდეს გადასახადების გადახდისაგან, ან კულტურული ავტონომიური სტატუსი მიეცეს, გარკვეული ადმინისტრირების ლუთხით. ეს მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველაფერი „ბურუსითაა მოცული“ და გაურკვეველია. ბევრი სომეხი თავს აარიდებს ამ გაურკვევლობებს და მთიანი ყარაბაღიდან ან საზღვარგარეთ გაემგზავრება, ან სომხეთს მიაშურებს“, – ამბობს შაჰინ რზაევი.
საინტერესოა, რომ ყველა აზერბაიჯანულმა უწყებამ მიიღო დავალება წარადგინონ თავიანთი წინადადებები სომეხთა რეინტეგრაციის შესახებ. ალბათ, ევლახის მოლაპარაკებაზე ამ წინადადებების რაღაც ნაწილი გაჟღერდება. თავის მხრივ, ყარაბაღელმა სომხებმა შეიძლება მოითხოვონ, რომ სტეფანაკერტში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების – Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის ოფისები გაიხსნას.
ანალიტიკოსი არმან ტატოიანი, პრობლემას უფრო ფართო თვალსაწიერით უყურებს: „აუცილებელია, რომ საერთაშორისო მოთამაშეთა პასუხისმგებლობაც არსებობდეს. სომხეთი ამ მიმართულებით არაფერს არ აკეთებს, ამიტომ ყარაბაღელი სომხები პირისპირ რჩებიან აზერბაიჯანისა და თურქეთის წინაშე“.
მიაღწია თუ არა ბაქომ იმას, რაც სურდა?
მთიანი ყარაბაღის გაკონტროლების ფაქტზე თუ არაფერს ვიტყვით, რაც აშკარაა, აზერბაიჯანს მაინც რჩება ერთი მიზანი, რომელიც ვერ შეისრულა. ესაა ე.წ. „ზანგეზურის (მეგრის) დერეფანი“, რომელიც, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ჩანაფიქრით, აზერბაიჯანი და მისი ექსკლავი – ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა – ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს – სომხეთის სიუნიკის ოლქის გავლით.
ილჰამ ალიევს უყვარდა იმის თქმა, რომ ზანგეზურის დერეფანი სულ მალე რეალობად იქცევაო, მაგრამ სომხეთი ყოველთვის ნეგატიურად იყო განწყობილი ამ იდეის – სატრანსპორტო დერეფნის – მიმართ. მართალია, 2020 წლის დოკუმენტში ეს დერეფანი ნახსენებია, მაგრამ რაიმე დეტალების გარეშე. ილჰამ ალიევს ამ საკითხში მხარს უჭერს თურქი კოლეგა რეჯეფ ერდოღანი, რომელმაც ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის პირობად სწორედ ზანგეზურის დერეფნის შექმნაზე ერევნის თანხმობა დაასახელა.
სომხეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არავითარი დერეფნის საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ერევანი რომ ამაზე დათანხმდეს, ეს ნიშნავს აზერბაიჯანის ტერიტორიული პრეტენზიების ლეგიტიმირებაზე თანხმობას.
„ზანგეზურის დერეფნის პროექტის რეალიზება არ მოხდება“, – ამბობს შაჰინ რზაევი, – „იქნება ჩვეულებრივი საბაჟო და სასაზღვრო პოსტები ორივე მხრიდან – აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიებზე, შესასვლელ-გამოსასვლელებში. ცხადია, რომ ეს ყველაზე მოკლე გზაა აზერბაიჯანიდან ნახიჩევანში“. აქ მთავარი რუსეთია, რომელმაც, შეთანხმების მიხედვით, „დერეფანში“ სიტუაცია უნდა გააკონტროლოს. სწორედ ეს გარემოება იწვევს შეშფოთებას ექსპერტებში: როგორ მოიქცევა კრემლი?