ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: “მრავალპოლუსიანობის კრიზისი: როგორ იცვლება რუსეთის პოზიციები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმართ და რა კავშირი აქვს მათთან დონალდ ტრამპს” (ავტორი – გრიგორი ათანესიანი). ვრცელ პუბლიკაციაში განხილულ-გაანალიზებულია რუსეთის საგარეო პოლიტიკური მიმართულებები, როგორც შორეულ ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში, ასევე სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
როცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდა, ბევრი თვლიდა, რომ კრემლს წილად იღბალი ხვდა, მაგრამ გავიდა ერთი წელი და სულ სხვა სურათს ვხედავთ: აშშ აგრძელებს უკრაინისადმი იარაღით დახმარებას (ნატოს ქვეყნების ხელით) და სადაზვერვო მონაცემების მიწოდებას, რუსეთის არმიას ჯერაც ვერ დაუკავებია დონბასის ის ქალაქები, რომელთა დაკავებას დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ცდილობდა. იმავდროულად აშშ-ის მოქმედება რუსეთის ინტერესებს ემუქრება ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ კავკასიაში.
ლათინური ამერიკა: ვენესუელა, კუბა, ნიკარაგუა
„რაო, რუსულმა AAW-მა (ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ) ვერ იმუშავა?“ – დაცინვით თქვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა, როცა კარაკასიდან ამერიკის სპეცრაზმმა ნიკოლას მადურო გაიტაცა. არადა, სწორედ რუსულ რაკეტულ სისტემებს უნდა დაეცვათ ვენესუელის ცა ამერიკელებისაგან.
ამ ოპერაციით პენტაგონმა „თავი მოჰკვეთა“ რეჟიმს, რომელიც რუსეთის საკვანძო პარტნიორი იყო აშშ-ის „უკანა ეზოში“. ვაშინგტონმა ისე, რომ არცერთი ჯარისკაცი არ დაუკარგავს, მიიღო სრული კონტროლი ვენესუელის ნავთობზე და სრულიად გაანეიტრალა ანტიამერიკული პოლიტიკის ცენტრი ლათინურ ამერიკაში. ახლა ძალიან საეჭვოა მოსკოვმა უკან დაიბრუნოს მრავალმილიარდიანი კრედიტები, რომელიც ვენესუელას ისევ მისცა ძველი ვალების ჩამოწერის შემდეგ.
ლათინურ ამერიკაში რუსეთის სხვა ორ მოკავშირესაც – კუბას და ნიკარაგუას – საქმე ცუდად აქვთ. კუბის კომუნისტური მთავრობა მხოლოდ ვენესუელის ნავთობით ინარჩუნებდა სიცოცხლეს, იგივე მდგომარეობაშია ნიკარაგუის რეჟიმი, დანიელ ორტეგას ხელმძღვანელობით, რომელიც გაეროში ხმას ყოველთვის კრემლის სასარგებლოდ აძლევდა. ახლო მომავალში შეიძლება ორივე “აშშ-ის ლუკმა” გახდეს.
ახლო აღმოსავლეთი: ირანი და სირია
ახლო აღმოსავლეთში რუსეთის მთავარი პარტნიორი ირანის ისლამური რესპუბლიკა, აიათოლა ალი ჰამენეის ხელმძღვანელობით, თავის გადარჩენისთვის იბრძვის. თეირანი, პირველად ისტორიაში, ისრაელთან და აშშ-სთან პირდაპირ კონფლიქტში აღმოჩნდა ჩაბმული. ირანის მოკავშირე „ჰამასი“ განადგურებულია. ირანის შიგნით განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოსახლეობის უპრეცედენტო პროტესტი გამოიწვია, იანვრის ბოლოს კი სპარსეთის ყურეში აშშ-ის ავიამზიდები გამოჩნდნენ…
სირიაში, რომელსაც ცოტა ხნის წინათ რუსეთის პროტექტორატს უწოდებდნენ, ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ მზერა ამერიკას და ევროპას მიაპყრო. მართალია, სირიის ახალი ლიდერი აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა, მაგრამ გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, კრემლს გარკვეული დისკომფორტი შეექმნა: რუსეთის ძალებმა დატოვეს კამიშლის სამხედრო-საჰაერო ბაზა და თავისი ყოფნა მხოლოდ ორი ბაზით – ტარტუსით და ხმეიმით შემოფარგლეს. თუმცა ეს არ ნიშნავს სირიიდან წამოსვლის დაწყებას: ტარტუსიდან და ხმეიმიდან რუსეთი ისევ ახორციელებს კავშირებს აფრიკულ რეჟიმებთან.
აფრიკა: მალი, ბურკინა-ფასო და ნიგერი
აფრიკაში, განსაკუთრებით კი საჰელის ზონაში (საჰარის სამხრეთით), რომელიც ჯიჰადისტების თავმოყრის ადგილი გახდა, ადრე საფრანგეთი – ყოფილი მეტროპოლია – დომინირებდა, მაგრამ ბოლო წლებში პარიზი მოსკოვმა ჩაანაცვლა – მალიში, ნიგერში და ბურკინა-ფასოში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსულმა რეჟიმებმა ურთიერთობა რუსეთთან არჩიეს. ამ ქვეყნებში რუსეთმა ყოფილი კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“, ამჟამად კი თავდაცვის სამინისტროს აფრიკული კორპუსის მებრძოლები გაგზავნა. აშკარად ჩანს, რომ ამერიკას აფრიკის კონტინენტი მაინცდამაინც არ აინტერესებს და თეთრი სახლის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი რეგიონში კვლავ შეასრულებს ძირითადი მოთამაშის როლს. მალის, ბურკინა-ფასოს და ნიგერს ჯიჰადისტებთან ბრძოლის რესურსები არ აქვთ. დახმარების სანაცვლოდ კრემლი ჩამოთვლილი ქვეყნების სასარგებლო წიაღისეულის რესურსებს იღებს. პარალელურად რუსეთი აფართოებს თავის ყოფნას გვინეის უბის ნავსადგურებში.
„და მაინც მოსკოვის მეგობარი რეჟიმების დაცემა და მათი რყევა იმის მანიშნებელია, რომ რუსეთს ძველებურად აღარ აქვს შესაძლებლობა პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმა თავისი ძალა მტკიცედ შეინარჩუნოს“, – ამბობს ანატოლ ლივენი, აშშ-ის ქუინსის ინსტიტუტის ევრაზიული პროგრამების დირექტორი, – „რასაკვირველია, რუსეთს ისევ აქვს დიპლომატიური გავლენა მსოფლიოში, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, ის მხოლოდ ახლო საზღვარგარეთით არის შემოფარგლული“.
დიახ, რუსეთის ამერიკულ და ახლოაღმოსავლური პოლიტიკის დასუსტების სიმპტომები არის, მაგრამ იმის თქმა, რომ კრემლი ახლო აღმოსავლეთს, ლათინურ ამერიკას და აფრიკას „დაემშვიდობება“, ჯერ ნაადრევია.
კავკასია და ცენტრალური აზია: ტრამპის მეგობრები?
ბოლო წლებში რუსეთთან დამოკიდებულება ყველაზე რადიკალურად პოსტსაბჭოთა სივრცეში იცვლებოდა. აქ მდებარე ქვეყნებს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და მოსკოვის რიტორიკამ იმპერიულ ცენტრთან წარსულის ურთიერთობა გაახსენა – კოლონიზაციიდან დაწყებული, ეროვნული ინტელიგენციის რეპრესიებისა და რუსიფიკაციის ჩათვლით, XX საუკუნის 20-30-იან და მომდევნო ათწლეულებში. მმართველი ელიტების თვალში მოსკოვმა პროგნოზირებადი პარტნიორის სტატუსი დაკარგა.
ყველაზე მეტად რუსეთმა პოზიციები სამხრეთ კავკასიაში დაკარგა, სადაც რამდენიმე წლის წინათ საკმაოდ მტკიცედ ჰქონდა ფეხი მოკიდებული. 2020 წელს აზერბაიჯან-სომხეთის ომი ვლადიმერ პუტინის შუამავლობით დასრულდა და მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ძალები (მშვიდობისმყოფლები) შევიდნენ, მაგრამ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
2023 წელს აზერბაიჯანმა სამხედრო ძალის გამოყენებით მთიან ყარაბაღზე კონტროლი დაიბრუნა, რუს მშვიდობისმყოფლებს ფუქნციები ვადაზე ადრე დაუმთავრდათ. უკვე 2025 წელს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს – დონალდ ტრამპის შუამავლობით. აშშ-ის პრეზიდენტის სახელი ეწოდა „ზანგეზურის დერეფანს“ – სატრანზიტო-სატრანსპორტო გზას აზერბაიჯანიდან ექსკლავ ნახჭევანისაკენ, სომხეთის ტერიტორიის გავლით. დღეს დონალდ ტრამპი ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს თავის მეგობრებად თვლის და ორივე მშვიდობის საბჭოს წევრები არიან. სომხეთმა აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი შეიძინა და მსგავსი ხელშეკრულება აზერბაიჯანთანაც იგეგმება.
იმავდროულად ორივე სამხრეთკავკასიური ქვეყანა რუსეთს თანდათან შორდება. უფრო მეტიც – 2025 წელს აზერბაიჯანი და რუსეთი დიპლომატიური კონფლიქტის მხარეები გახდნენ რუსეთის მიერ აზერბაიჯანის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, ადამიანთა მსხვერპლით. გარდა ამისა, რუსეთმა დამნაშავეობასთან ბრძოლის საბაბით, აზერბაიჯანელი იმიგრანტები დააკავა, რის გამოც ბაქოსა და მოსკოვს შორის დაძაბულობამ იმატა… აზერბაიჯანული მასმედია, რომელიც ახლოს დგას მთავრობასთან, რუსეთის მწვავე კრიტიკას აგრძელებს.
ბაქოში და ერევანშიც რუსეთის აგენტებს ეძებენ, პოულობენ და აპატიმრებენ. ბაქოში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის უფროსს რუსეთის აგენტობა დააბრალეს, ხოლო ერევანში რიგი ოპოზიციონერები და ეკლესიის გავლენიანი მსახურები რუსეთის სასარგებლოდ სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ორგანიზატორებად ჩათვალეს და დააპატიმრეს.
სომხეთი, რომელიც ფორმალურად „ოდკბ“-ის ხელშეკრულების წევრად რჩება, პრაქტიკულად მის მუშაობაში უკვე აღარ მონაწილეობს. ქვეყანა ასევე რჩება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად, მაგრამ მიზნად ევროკავშირის წევრობას ისახავს.
პარალელურად ამერიკელი მესაზღვრეები სომეხ კოლეგებს ახლებურ მუშაობას ასწავლიან და საბოლოოდ, სომხები თავიანთი საზღვრების დაცვის საკითხში რუს მესაზღვრეებს ჩაანაცვლებენ. ერევნის ინიციატივით, რუსები უკვე აღარ არიან დედაქალაქის აეროპორტში, ახლა კი მოსალოდნელია მათი გასვლა სომხეთ-ირანის საზღვრიდანაც.
როგორც რუსი პროპაგანდისტები თვლიან, ამჟამად კრემლის მთავარ გამოწვევას პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის დაკარგვა წარმოადგენს.
იანვრის დასაწყისში ეს თვალსაზრისი ჩამოაყალიბა ვლადიმერ სოლოვიოვმა: „ჩვენ ახლა სირია და ვენესუელა კი არ უნდა გვადარდებდეს, არამედ ჩვენი პოზიციების მდგომარეობა ახლო საზღვარგარეთში… სომხეთის დაკარგვა – ესაა გიგანტური პრობლემა ჩვენთვის. ასევე პრობლემაა ჩვენს შუა აზიაში, ანუ როგორც მას უწოდებენ, ცენტრალურ აზიაში… აი, ესენი არიან რუსეთისათვის გიგანტური პრობლემები“.
იმავე ხანებში ალექსანდრე დუგინმა, ცნობილმა რუსმა ულტრამემარჯვენე იდეოლოგმა, კიდევ უფრო რადიკალურად განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავეთანხმოთ სუვერენული სომხეთის, სუვერენული საქართველოს, სუვერენული აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის არსებობას“.
ეს ციტატები აღნიშნულ ქვეყნებში ბევრისთვის საწყენი გახდა – მათ კრემლის განზრახვა დაინახეს. სომხეთში რუსეთის ელჩიც კი გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მას საპროტესტო ნოტა გადასცეს. რუსეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ პროპაგანდისტთა გამონათქვამებს „კერძო თვალსაზრისი“ უწოდა.
ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის შემთხვევაში, რუსეთის პოზიციებს ცენტრალურ აზიაში სულ უფრო მეტად ემუქრება დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია. გასული წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა, პირველად ისტორიაში, თეთრ სახლში მიიღო ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები.
ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებისათვის აშშ-სთან დაახლოება რუსეთისა და ჩინეთის გავლენების შეზღუდვას (ან დაბალანსებას) ემსახურება. დონალდ ტრამპის გუნდს, აშშ-ის წინა ადმინისტრაციებისგან განსხვავებით, ნაკლებად ადარდებს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების დარღვევა, პრობლემები დემოკრატიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ავტორიტარიზმის გამოვლინება. ამის ნაცვლად ვაშინგტონს ყველაზე მეტად რეგიონის სასარგებლო წიაღისეული აინტერესებს, იშვიათმიწა ელემენტების (ლითონების) ჩათვლით.
„თქვენი ქვეყნები, უფლის ნებით და წყალობით, მდიდრები არიან რესურსებით“, – განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ცენტრალური აზიიდან ჩასულ პრეზიდენტებს და მათ დაპირდა, რომ 2026 წელს ყველა ხუთივე ქვეყანას მოინახულებდა.
ვაშინგტონში სამიტამდე ამერიკულმა კომპანიებმა მილიარდიანი კონტრაქტები მიიღეს უზბეკეთში და ყაზახეთში სასარგებლო წიაღისეულის ამოსაღებად, ცენტრალური აზია მდიდარია ვოლფრამით, რომელიც უკიდურესად აუცილებელია აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისათვის. ამერიკას სურს, რომ ამ სფეროში ჩინეთს გადაუსწროს, რომელიც მსოფლიო ლიდერია ვოლფრამის მოპოვებაში.
უფრო მეტიც – აშშ-ის გეგმები კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ერთმანეთთანაა კავშირში. ვაშინგტონი მხარს უჭერს „შუა დერეფნის“ პროექტს – სატრანსპორტო გზას, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან აკავშირებს, ირანისა და რუსეთის გვერდის ავლით. „ზანგეზურის დერეფანი“ ანუ „დონალდ ტრამპის გზა“ სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა გახდეს.
ცენტრალურ აზიაში ასევე მატულობს დეკოლონიური განწყობები, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა გააღვივა. რუსი პროპაგანდისტების განცხადებები და რუსეთის ხელისუფლების ხისტი დამოკიდებულება ცენტრალურ აზიელი მიგრანტების მიმართ რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობაში ანტირუსულ განწყობას იწვევს.
„მაგრამ ბალანსი მაინც პუტინის სასარგებლოდაა“
„ვლადიმერ სოლოვიოვისა და ალექსანდრე დუგინის ნათქვამი კრემლის პოზიციას არ წარმოადგენს და ვისაც ასე ჰგონია, ის სცდება“, – ამბობს კონსტანტინე ზატულინი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, – „ამჟამად რუსეთის ხელისუფლებისთვის უკრაინის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია აშშ-სთან მოლაპარაკებაში. დონალდ ტრამპი ამ საკითხის გადაწყვეტაში აქტიურ მონაწილეობას იღებს და ძირითად როლს ასრულებს“, – უთხრა კონსტანტინე ზატულინმა „ბიბისის“ კორესპონდენტს.
„აშშ-ის აქტიურობა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ნიკოლას მადუროს დამხობა და რუსეთის წამყვანი როლის დაკარგვა სირიაში, რა თქმა უნდა, მოსკოვის გეოპოლიტიკურ პოზიციებს ასუსტებს. მაგრამ თუ კრემლის პოლიტიკას თეთრი სახლის პოლიტიკას შევადარებთ, რომელიც გრენლანდიის საკითხით ნატოს ძირს უთხრის, მაშინ ის ყველაფერი, რასაც აშშ აკეთებს ევროპის მიმართ, ვლადიმერ პუტინისათვის სასარგებლოა“, – ამბობს BBC-სთან საუბარში ჯონ ბოლტონი, დონალდ ტრამპის ექს-მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს.
„ბალანსი ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ ყალიბდება. ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის მთავარი მიზანი იყო ნატოს დაშლა-დანგრევა და აშშ-სა და ევროპას შორის განხეთქილების შეტანა. კრემლმა იმ დროს ეს ვერ მოახერხა, მაგრამ ახლა ამ საკითხში კრემლის როლს დონალდ ტრამპი ასრულებს“, – თვლის ჯონ ბოლტონი.
„ჯერ-ჯერობით უცნობია, რეალიზებული იქნება თუ არა დონალდ ტრამპის შეთანხმებები პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ლიდერებთან“, – აღნიშნავს ჯონ ბოლტონი, – „მაგრამ ბევრი მათგანისათვის ვაშინგტონთან დადებული გარიგებები მოსკოვთან კავშირებზე უარის თქმას სულაც არ ნიშნავს და უფრო ბალანსის დაცვას ჰგავს“.
„ცენტრალური აზიის ქვეყნებს სურთ დამოუკიდებლად დარჩნენ, მათ ამისათვის ყველანაირი შესაძლებლობები აქვთ: მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ერთმანეთს ეჯიბრებიან რუსეთი, ჩინეთი და აშშ“, – ამბობს ჯონ ბოლტონი.
რუსი დეპუტატი კონსტანტინე ზატულინიც ასევე თვლის, რომ დონალდ ტრამპის გარიგებები „ახლო საზღვარგარეთის“ ლიდერებთან რუსეთის ხელისუფლებას მაინცდამაინც არ უნდა აღელვებდეს: „განზრახვა ერთია და მოცემულობა მეორე. ცენტრალურ აზიაში აშკარაა, რომ რეგიონი დღეს ყველაზე მეტად არის დაკავშირებული რუსეთთან და ჩინეთთან. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ სიტუაციებში გავერკვეთ და შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ“.
ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი „ოდკბ“-ისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებად რჩებიან. ამ ქვეყნების მთავარი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი და ჩინეთი არიან.
სომხეთში და აზერბაიჯანში კრემლის აგენტებზე გამოცხადებული „ნადირობა“ ძირითადად მიმართული და გათვლილია შიდა აუდიტორიაზე. სომეხი და აზერბაიჯანელი დიპლომატები კრემლთან ურთიერთობის კონტექსტში ამ თემებზე არ საუბრობენ და უფრო მეტად სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს იხილავენ.
ორმხრივ ურთიერთობაში კრიზისის მიუხედავად, ბაქომ და მოსკოვმა გასულ წელს ხელი მოაწერეს ახალ ეკონომიკურ ხელშეკრულებას, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებასა და სატრანსპორტო დერეფნების გაფართოებას ითვალისწინებს. რუსული „გაზპრომი“ მჭიდროდაა დაკავშირებული აზერბაიჯანულ „სოკართან“.
სომხეთის მთავრობა, პროდასავლური კურსის მიუხედავად, აქტიურად არის ჩართული რუსი ინვესტორების მოძიებაში. ერევანი მოსკოვთან ერთად იხილავს რუსული სახელმწიფო კომპანიების – „როსატომისა“ და „როსჟელდორის“ („რუსეთის რკინიგზების“) მონაწილეობის გაგრძელებას სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში და ქვეყნის რკინიგზების აღდგენის საკითხებში.
რა იქნება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ?
რუსეთის პოლიტიკის ბევრი კრიტიკოსი შიშობს, რომ უკრაინასთან ომის დასრულების შემდეგ კრემლს რესურსები გამოუთავისუფლდება და სურვილი გაუჩნდება სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში დაკარგული პოზიციების აღსადგენად.
როგორ რეაგირებას მოახდენს ამაზე ვაშინგტონი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი იმ მომენტში.
„თუ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატები გაიმარჯვებენ, მაშინ ჩვენ რუსეთის მიმართ უკიდურესი მტრობის გამოვლენის მოწმენი გავხდებით. დემოკრატები შეეცდებიან შეაჩერონ რუსეთის გავლენის ზრდა ყველა მიმართულებით“, – ამბობს ანატოლ ლივენი, – „რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვება მოსკოვთან კი, ალბათ, ნაკლებად აქტიურ დაპირისპირებას მოასწავებს“.
რესპუბლიკელი ჯონ ბოლტონი, თავის მხრივ, თვლის, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ კანდიდატის პიროვნებაზე, რომელიც რესპუბლიკელებს შორის პრაიმერში გაიმარჯვებს. „ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი იზოლაციონისტია. იგი ბევრად ჭკვიანია დონალდ ტრამპზე, მაგრამ ვენსს არ აქვს იმის გარანტია, რომ 2028 წლისათვის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იქნება“, – ამბობს ჯონ ბოლტონი. იგი დარწმუნებულია, რომ საგარეო პოლიტიკური საკითხებში რესპუბლიკელები რეიგან-ბუშის პარტიად დარჩებიან, ანუ რუსეთთან ხისტი დაპირისპირების, სხვა ქვეყნებში დემოკრატიული მოძრაობებისა და აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის ზრდის მხარდამჭერებად.
ჯონ ბოლტონის აზრით, რესპუბლიკური პარტია [უარყოფს „დონროს დოქტრინას“] და რეიგან-ბუშის პოზიციებს დაუბრუნდება.
თუმცა ანატოლ ლივენი გამაფრთხილებლად ამბობს, რომ გეგმების აწყობა რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებაზე „უმადური საქმეა“ და თვლის, რომ ნებისმიერი გარიგება მხარეებს ცეცხლის სტაბილურ შეწყვეტამდე არ მიიყვანს. ალბათ, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა დაემსგავსება ინდოეთ-პაკისტანის ურთიერთობას ტერიტორიებთან დაკავშირებით: ამ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ქაშმირის თაობაზე მომხდარი პირველი ომიდან (1947 წლიდან) კონფლიქტები რეგულარულად ხდება – მშვიდობას ომები ცვლის, ზავს თან სროლები ახლავს.

