მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში-გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლტერ თურქი საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევისკენ და სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებთან დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„შეშფოთებული ვარ საქართველოს დედაქალაქ თბილისში დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების გამო.

ათასობით ქართველი დღეების განმავლობაში აპროტესტებს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი და დაიცვას მათი უფლებები გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესახებ. ამ უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. საპროტესტო აქციების დროს ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს გამონაკლისი და უკიდურესი ზომა გარდაუვალი საფრთხის წინაშე.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, ჩაატაროს სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდებაზე საპროტესტო აქციების დროს, მის შემდეგ ან დაკავებისას. ყველა, ვინც თვითნებურად დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. უნდა მოხსნას მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებიც“,, – აღნიშნულია ვოლტერ თურქის განცხადებაში.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების „უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედ ორგანიზაციებად“ მარკირება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებებს.

„ასევე მოვუწოდებ მომიტინგეებს და პროტესტის ორგანიზატორებს, ისარგებლონ თავიანთი უფლებებით მშვიდობიანი გზით და არ მიმართონ ძალადობას. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედია ორგანიზაციებთან. უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების „უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედ ორგანიზაციებად“ მარკირება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.