თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„მოსახლეობის მხარდაჭერით სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით დასრულდება და თბილისელებს საგრძნობლად შეუმსუბუქდებათ დედაქალაქში გადაადგილება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მისი თქმით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში თბილისს უკვე ჰყავს ყველაზე ახალი, მოწესრიგებული ავტობუსები და მიკროავტობუსები, რომლებიც ყველანაირად გამართულია კონდიცირება-გაგრილება-გათბობის სისტემებით, აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების კამერებით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
„მსურს გამოვეხმაურო იმ მნიშვნელოვან საკითხს, რასაც თბილისის სატრანსპორტო რეფორმა ითვალისწინებს. როგორც ყველა რეფორმა, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების პროცესიც, არ არის მარტივი, მით უფრო მაშინ, როცა ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მოქალაქეთა გადაადგილებაზე აისახება.
თუმცა გარწმუნებთ, ჩვენ ყველა ერთად მოვიმკით სასიკეთო შედეგს, რასაც აღნიშნული რეფორმა მოიტანს. უკვე გვაქვს პირველი წარმატებაც, თუნდაც ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით.
ყველას ახსოვს ალბათ, როგორი მოუწესრიგებელი იყო ე.წ. ყვითელი ავტობუსები, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა, როგორც გადაადგილების, ასევე ეკოლოგიის თვალსაზრისით. მოსახლეობის მხარდაჭერით სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით დასრულდება და თბილისელებს საგრძნობლად შეუმსუბუქდებათ დედაქალაქში გადაადგილება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.