მორალს გვიკითხავენ, ნიშნის მოგებით გვესაუბრებიან, ამ დროს, საქართველო მართლმსაჯულებაზე წვდომის კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა – ირაკლი ზარქუა

ობიექტური შეფასების შედეგად, მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე, ხოლო მსოფლიოში პირველ ხუთეულშია. მეტსაც გეტყვით, 2012 წლის შემდეგ 20 პროცენტზე მეტად არის გაზრდილი ჩვენი რეიტინგი, – ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის – „დემოკრატიის მრავალფეროვნების” კვლევას, რომელიც სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომას ეხება.

 

„არაკეთილისმსურველები მორალს გვიკითხავენ, ნიშნის მოგებით გვესაუბრებიან, დემოკრატია, ადამიანის უფლებებიო და მათივე საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აპოლიტიკურები არიან და ობიექტურად იკვლევენ ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიულობას, კანონის უზენაესობას, მათ შორის მართლმსაჯულებას, ისინი აფასებენ ობიექტურად. ობიექტური შეფასების შედეგად, საქართველო არის ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილას“, – აღნიშნა ზარქუამ.

 

ამასთან, მან მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, რომ აღნიშნულ მონაცემებს გადახედოს.

 

„მისტერ ჰერჩინსკი, იქნებ თქვენც გადახედოთ ამ მონაცემებს და გადაიფიქროთ სამარცხვინო განცხადება, რაც გააკეთეთ. ჩვენი თავდაცვის ბიჭები მისიებში მონაწილეობდნენ, მათ შორის ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების ნაწილში, ბევრმა თავი გაწირა, ბევრი დასახიჩრებული დაუბრუნდა თავის ოჯახს, სამშობლოს. ასეთ ბიჭებსა და ქვეყანაზე, რომელიც გვერდში გედგათ და ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობის ჯარისკაცი გვყავდა გაგზავნილი ამ მისიებში, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში, ასეთ ბიჭებზე თქვენ თქვით, არა, ისინი 30 მილიონს არ იმსახურებენ, გიგაურებს და ლომჯარიებს უნდა გადავურიცხოთ, რადგან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შელახვას ვხედავთო“, – აღნიშნა ზარქუამ.

 

სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11-წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილს იკავებს.