“მხიარული პასუხი მაქვს, თუ გადავწყვიტე ამ სიბერეში მექრთამეობა, რატომ დამიწერეს 11 500 დოლარი, ცოტა შეურაცხმყოფელი თანხაა”- მარგველაშვილი

ბინძურ ტყუილებსა და პროპაგანდაზე კომენტარს სერიოზულს და სიღრმისეულს არ ვაკეთებ და უფრო მხიარული პასუხი მაქვს: თუ გადავწყვიტე ახლა მე ამ სიბერეში მექრთამეობა, რატომ დამიწერეს 11 500$, ცოტა შეურაცხმყოფელი თანხაა, ასე დავიწყო ჩემი მექრთამეობრივი ბიოგრაფია? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, დეტალებში შესვლა და საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით რა კომენტარის გაკეთებაც მინდოდა, ის ვთქვი. ბინძურ პიარზე და ტყუილზე კომენტარს არ ვაკეთებ. თქვენ რასაც მთხოვთ, ეს არის, რომ სიღრმისეულად შევიდე ამ თემაში. პოლიტიკური პოზიციაა ეს ჩემი, რომ ბინძურ ტყუილებზე კომენტარი არ უნდა ვაკეთო. ხაზს ვუსვამ, ბინძურ ტყუილებზე კომენტარს არ ვაკეთებ. მე არ შევალ დეტალების განხილვაში, ბინძური ტყუილია, ბინძურ ტყუილებზე არ ვაღრმავებ თემას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.