მიხეილ სააკაშვილს ახლა სწორედ მისი დატოვებული სასამართლო სისტემა ასამართლებს, – განაცხადა “ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ, რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, გადაცემაში “დროული დიალოგი”.
“სააკაშვილის მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ შევუერთდით, იყო ის, რომ მას მისცემოდა ადეკვატური მკურნალობის საშუალება და ჰქონოდა წვდომა ნორმალურ სასამართლოსთან. სხვათა შორის, არა იმ სასამართლოსთან, რომელიც მან დაგვიტოვა. ახლა ის დარჩენილია თავისი დატოვებული სასამართლოს წინაშე. ის სასამართლო, რომელმაც გამოიწვია 26 მაისი, სწორედ ამ სასამართლოს წინაშეა მიხეილ სააკაშვილი დარჩენილი და ის სასამართლო ასამართლებს მას. ჩვენი მოთხოვნა იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონოდა ნორმალური სასამართლო და ნორმალური ჯანდაცვა. რაც არ უნდა გამწარებული ვიყო ადამიანზე, შეიძლება ბევრი კოლეგისგან ამით განვსხვავდებოდე, რომ არავისზე გამიხარდება, ადამიანი გაასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებულმა სასამართლომ და ნამდვილად არ გამიხარდება, რომ მას არ ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და წვდომა ნორმალურ ჯანდაცვასთან”, – განაცხადა ბიწაძემ.