წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.2 პროცენტით განისაზღვრა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. „ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან 113.3-ია, ხოლო წინა თვესთან შედარებით 101.1. რაც შეეხება სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსს, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 114.2, ხოლო წინა თვესთან შედარებით 98.8-ია.
საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მაჩვენებლები 2022 წ. იანვარ-მაისში შემდეგრანირად გამოიყურება: საქონლის ექსპორტი (FOB) 2 112.1 მლნ. აშშ დოლარია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან ცვლილება 37.5%. საქონლის იმპორტი (CIF) 4 821.5 მლნ. აშშ დოლარია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან ცვლილება 37.3%. საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6 933.6 მლნ. აშშ დოლარია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან ცვლილება 37.4%.
რაც შეეხება სამეწარმეო სფეროს სტატისტიკის მაჩვენებლებს, „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მაისში 6 930 ერთეული საწარმო დარეგისტრირდა. ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობის ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 93.5 %-ია; ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა (მლნ. ლარი) 10 446.7; ხოლო ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 25.3%.