“კონსტიტუცია დაარღვია და დადოს პირობა, რომ აღარ დაარღვევს” – პაპუაშვილი ზურაბიშვილზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 6 თებერვალს პარლამენტს და ქართულ საზოგადოებას პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს.

პაპუაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პარლამენტისთვის სათქმელი არაფერი აქვს, რადგან მან კონსტიტუცია დაარღვია.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევას აღიარებს და დადებს პირობას, რომ აღნიშნულ ქმედებას კვლავ არ გაიმეორებს.

„პარლამენტის რეგლამენტით საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის {პრეზიდენტის} მიმართვა. შესაბამისად, 6-ში იქნება ეს მიმართვა. რა თქმა უნდა, ამ დროს მთავრობა ვერ იქნება დამტკიცებული. შესაბამისად, იმ პროცედურით გვექნება, როგორც ადრე არის ხოლმე.

დაგეგმვის პროცესი ჯერ არ გვაქვს – მოწვევებიც დაიგზავნება, მათ შორის დიპლომატიური კორპუსი არის ხოლმე მოწვეული და სხვადასხვა ჯგუფები, ასე, რომ ეს ყველაფერი დაიგეგმება. მას შესაძლებლობა მიეცემა, რომ საზოგადოებას და პარლამენტს მიმართოს.

სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილის სათქმელი არაფერი არ აქვს, უპირველეს ყოვლისა საქართველოს პარლამენტისთვის, მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არის დადგენილი. ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე როგორც ჩანს ის უარს ამბობს. ერთადერთი, რასაც მისგან მე დიდი ხანია მოველი არის, რომ მან დაადასტუროს რომ კონსტიტუცია დაარღვია და დადოს პირობა, რომ ის აღარ დაარღვევს კონსტიტუციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტის საშვი გაუუქმეს.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ახალი ბრძანების თანახმად, რომელიც უსაფრთხოების წესებს შეეხება, პრეზიდენტის, ისე როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი საკუთარი სამსახურებრივი მოწმობით პარლამენტის შენობაში უკვე შემოდიან.

„ეს არის კლასიკური მაგალითი, ადამიანს რაღაც დააბრალო, რომ ის არის სპილო, მერე იმან თავი უნდა იმართლოს. რაც არ არსებობს ამაზე ოფიციალურ განცხადებას ელით. არა თუ ვინმეს შეეზღუდა, პირიქით ბოლო ბრძანებით, რომელიც შეეხება უსაფრთხოების წესებს, საერთოდ მისთვის საშვის ვალდებულება მოიხსნა. პრეზიდენტის, ისე როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი საკუთარი სამსახურებრივი მოწმობით პარლამენტის შენობაში შემოდიან და არა მხოლოდ შემოდიან, არამედ მათ დამატებით შესაძლებლობა აქვთ, რომ საკუთარი მანქანით პარლამენტის ტერიტორიაზე ეზოში შემოვიდნენ. ასე რომ პირიქით, ამ მხრივ არის უფრო კომფორტული გარემო შექმნილი, როგორც პრეზიდენტის, ისე მთავრობის საპარლამენტო მდივნისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.