კონკრეტულად, რა ნაბიჯისთვის ან კომპრომისისთვის არის მზად “ქართული ოცნება”, რომ დეპოლარიზაციისკენ ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ, მე არ მომისმენია,- ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარესთან საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების ნაწილის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მან “მოისმინა წიაღსვლები, რომ თურმე მულტიპარტიულ, დიალოგზე ორიენტირებული პარლამენტის ქონას, არ შველის დაბალი ბარიერი.”
“მე როგორც შეხვედრის წინაც განვაცხადე, კონკრეტული დღის წესრიგით ვიყავი ამ შეხვედრაზე, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დაინახავდა, თუ არა ქართული ოცნება, კერძოდ სპიკერი იმის აუცილებლობას, რომ იმისთვის, რათა ამ პროცესში ჩართული იყოს ოპოზიცია და პროცესი იყოს ინკლუზიური, აუცილებელია კომპრომისები და ნაბიჯების გადადგმა ოპოზიციის მხარეს და ამის მთავარი ინდიკატორი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს არის საკითხი, რომელიც ეხმიანება 12 – პუნქტიან ჩამონათვალში , როგორც საარჩევნო კოდექსს, ასევე დეპოლარიზაციის საკითხს.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მე ვერ დავუნახე, რომ ქართული ოცნება მზად არის ამ ნაბიჯისთვის. “ქართული ოცნება” და კერძოდ, ბატონი სპიკერი საუბრობდა იმ პროცესზე, რომელიც დააანონსა ბატონმა კობახიძემ, მაგრამ იქვე არ ჰქონდა პასუხი, რას ნიშნავს, როცა შეხვედრის წინ ბატონი კობახიძე აკეთებს ასეთ რადიკალურ განცხადებას. გავუმეორე, რომ ვერ მიაღწევს “ქართული ოცნება” იმას, რომ ყველა პარტიისკენ გაიშვიროს ხელი, ერთ კალათაში ჩასვას ყველა და რადიკალური ოპოზიცია გვეძახოს. მიუხედავად ამ ვითარებისა, რომ ქართული ოცნება მზად არ არის ამ ნაბიჯისთვის, “რესპუბლიკური პარტიის” სახელით ვლაპარაკობ, რომ ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მცდელობა და დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პროცესი დაარწმუნებს “ქართულ ოცნებას”, რომ კომპრომისის და თანამშრომლობის გარეშე, ეს პროცესი ვერ იქნება ინკლუზიური “, – განაცხადა სამნიძემ.