ხონში ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა

ხონის მუნიციპალიტეტში, ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

შესაბამისი ბრძანება ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გამოსცა.

„სოფელ ნახახულევში მსხვილფეხა პირუტყვის ცოფით დაავადების ფაქტი ლაბორატორიულად დადასტურდა. შედეგად,

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უკვე დაიწყეს.

ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში მიმდინარეობს ცხოველების ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები. ასევე, ადამიანები, რომლებიც დაავადებულ ცხოველთან იყვნენ კონტაქტში, აყვანილი არიან ანტირაბიულ კონტროლზე.

კარანტინი, დაავადების კერიდან 3 კილომეტრის რადიუსს მოიცავს და ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ მოიხსნება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid09gpiRjhBM3Ei2ruJ9RHgC53MUr1gbyZ7oDtR7YXYgsPFEYGSYD4CFDXpqrK19rKdl&id=100064366612639