ისრაელში რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე, – ამის შესახებ Times of israel წერს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების რამდენიმეწევრიანი ჯგუფიც შევიდა.

მედიის ცნობით, დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ აუდიოგანცხადებაში საუბარია, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას შტორმი“ და პალესტინელი მებრძოლების სამიზნეს აეროპორტები და სამხედრო ობიექტები წარმოადგენს. მათივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 5 000 რაკეტა გაუშვა.

მომხდარის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს.