მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა უმთავრესი უნდა იყოს, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
„ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაციები და მუდმივი დაბომბვა ურტყამს მშვიდობიან მოსახლეობას, საავადმყოფოებს, ლტოლვილთა ბანაკებს, მეჩეთებს, ეკლესიებსა და გაერო-ს ობიექტებს, თავშესაფრების ჩათვლით, არავინ არის დაცული. ამავდროულად, „ჰამასი“ მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებს და განაგრძობს განურჩევლად რაკეტების გაშვებას ისრაელის მიმართულებით. მე ვიმეორებ ჩემს პოზიციას და ვგმობ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული ამაზრზენ ტერორისტული აქტებს ისრაელის მიმართ და ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, დაუყოვნებლივ, უპირობოდ და უსაფრთხოდ გაათავისუფლონ ღაზაში მყოფი მძევლები“, – განაცხადა გუტერეშმა.
გუტერეშის თქმით, 89 ადამიანი, რომელიც მუშაობდა გაერო-ს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოსთან, დაიღუპა ღაზაში, რაც გაერო-ს დამხმარე მუშაკების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია „ორგანიზაციის ისტორიის ნებისმიერ შესადარებელ პერიოდში“.
„ღაზა ბავშვების სასაფლაო ხდება. გავრცელებული ინფორმაციით, ყოველდღიურად ასობით გოგო და ბიჭი იღუპება ან ზიანდება. ოთხი კვირის განმავლობაში უფრო მეტი ჟურნალისტი დაიღუპა, ვიდრე ნებისმიერ კონფლიქტში, სულ მცირე, სამი ათწლეულის განმავლობაში. უფრო მეტი გაერო-ს დამხმარე მუშაკი დაიღუპა, ვიდრე ჩვენი ორგანიზაციის ისტორიის ნებისმიერ შესადარებელ პერიოდში. მივესალმები ყველას, ვინც აგრძელებს სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას დიდი გამოწვევებისა და რისკების მიუხედავად. განვითარებული კატასტროფა ყოველი გასული საათის განმავლობაში უფრო აუცილებელს ხდის ცეცხლის ჰუმანიტარულ შეწყვეტას. კონფლიქტის მხარეებს და, მართლაც, საერთაშორისო საზოგადოებას ეკისრებათ დაუყოვნებელი და ფუნდამენტური პასუხისმგებლობა, შეაჩერონ არაადამიანური კოლექტიური ტანჯვა და მკვეთრად გააფართოონ ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში“, – განაცხადა გუტერეშმა.