ისრაელი სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტას დასთანხმდა -Reuters

ისრაელი დღეს დილით, ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დასთანხმდა, იმისთვის, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა შესაძლებელი გახდეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მოძრაობა „ჰამასი“ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

სააგენტო ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეთანხმება აშშ-ს, ეგვიპტესა და ისრაელს შორის მოხდა.

რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზას სექტორს ეგვიპტესთან აკავშირებს, სავარაუდოდ, მცირე დროით გაიხსნება, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ, ღაზას სექტორში კი დახმარების შეტანა გახდეს შესაძლებელი.