“ჰამასი” არ აწარმოებს მოლაპარაკებას ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით, ვიდრე ცეცხლის ქვეშაა”-“ჰამასის” სპიკერი

„ჰამასი“ არ აწარმოებს მოლაპარაკებას ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით, ვიდრე ცეცხლის ქვეშაა, – ამის შესახებ „ჰამასის“ სპიკერმა, აბუ უბაიდამ განაცხადა.

ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

„ჰამასი არ აწარმოებს მოლაპარაკებას პატიმრების გაცვლის საკითხზე, სანამ ის ცეცხლის ქვეშაა“, – განაცხადა უბაიდამ.

ამასთან ერთად, „ჰამასის“ სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელი მზად უნდა იყოს, „გადაიხადოს საფასური“, თუ მას სურს ტყვეების დაბრუნება.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო სახლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიზანში ამოღებას, სამწუხაროდ ერთ-ერთი სამოქალაქო ტყვის სიკვდილით დასჯა მოჰყვება, რომელსაც ჩვენ ვიზუალური და ხმოვანი საშუალებებით გადავცემთ“ , – განაცხადა აბუ უბაიდამ.

„ჰამასის“ ინფორმაციით, მათ 100-ზე მეტი მძევალი ჰყავთ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.