გვქონდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებით, რომ კრიტიკულ მომენტში ისინი წავიდოდნენ ამ ინსტიტუციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომ შევიტანეთ ცვლილება თავის დროზე, როცა შემოვიტანეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, კრიტიკულ მომენტში სამივე ვიცე-პრეზიდენტი წავიდა ინსტიტუციის წინააღმდეგ.
„თავის დროზე აბსოლუტურად უწყინარი ცვლილება შევიტანეთ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში და შემოვიტანეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. გახსოვთ, რამხელა ამბავი ატეხეს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებით, რომ კრიტიკულ მომენტში ისინი წავიდოდნენ ამ ინსტიტუციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომ შევიტანეთ ეს ცვლილება თავის დროზე და, როგორც ჩანს, იმ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს, მათაც ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია, მათ სურდათ საბოტაჟი.
ხომ გამოჩნდა დღეს ყველაფერი, სამწუხაროდ, კრიტიკულ მომენტში სამივე ვიცე-პრეზიდენტი, არცერთის გამოკლებით, წავიდა ინსტიტუციის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცოდით, რომ მათ ჰქონდათ მძიმე ვალდებულებები ყოველგვარი კონკრეტული ინფორმაციის გარეშე. მათ შორის, რა თქმა უნდა, ოპოზიციის წარმომადგენლებამდეც მიდის ეს ყველაფერი. როცა მივიღეთ ინფორმაცია, შევიტანეთ ეს ცვლილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, „დღეს უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და ის, რომ ეს ორგანო იფუნქციონირებს სწორედ სახელმწიფო ინტერსების და არა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ინტერესების შესაბამისად“.
„ეროვნულ ბანკს შეუძლია ძალიან ბევრი რამის გაკეთებაც და გაფუჭებაც, იმავე ლარის კურსთან, ინფლაციასთან დაკავშირებით. გახსოვთ, რა ხდებოდა, როდესაც გიორგი ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. პირდაპირ საბოტაჟი წარმოებდა ეროვნულ ბანკში. ძალიან ბევრი რამის გაფუჭება შეიძლება ეროვნულ ბანკში და ამას ვგულისხმობ. კრიტიკულ მომენტში იყო სერიოზული რისკები დაკავშირებული ამ ადამიანებთან, მით უმეტეს, თუ ერთ-ერთი შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, იყო ძალიან სერიოზული რისკები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ეროვნული ბანკი 20 სექტემბერს საბჭოს სამმა წევრმა, ვიცეპრეზიდენტებმა – ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ დატოვა.