“მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განაცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადება მისთვის გამაოგნებელია.
“გიორგი მარგველაშვილის განცხადება ძალიან ჩემთვის გამაოგნებელია, პოლიტიკა პოლიტიკაა, ვიღაცა გულზე გეხატება, ვიღაცა არა, მაგრამ ჯარს ყველამ თავი დაანებოს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების, ვინც დღემდე ღამე მსახურობს და ქვეყნის სადარაჯოზე დგას. თან მათ შეურაცხყოფას აყენებს ყოფილი მთავარსარდალი. როგორ შეიძლება ისეთი რამის თქმა, რომ ცოტა ხანში ქართული ჯარი რუსეთის მხარეს იბრძოლებს. ეს პირიდან ქართველ კაცს როგორ უნდა ამოგივიდეს? მით უმეტეს, ასეთი სიტყვები როგორ უნდა თქვას ყოფილმა მთავარსარდალმა და ყოფილმა პრეზიდენტმა?
არ ვიცი, ადამიანი იმაზე მეტად როგორ უნდა დაეცეს, რომ ქართულ ჯარზე თქვას ასეთი რამ. რომ წავიკითხე მარგველაშვილის ნათქვამი, თვალებს არ ვუჯერებდი. “ალტ ინფოში” რომ ვიღაც სალახანები სხედან, ასეთ რამეს ისინი არ ამბობენ“,- განაცხადა ელისაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში გუშინ განაცხადა – “სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“.