2022 წლის 11 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ-მრგვალი მაგიდა თემაზე: „ევროკავშირი მდგრადი განვითარებისთვის. ევროკავშირი საქართველოსთვის“, რომელიც სოხუმში უმაღლესი სასწავლებლის დაარსების 90-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.
სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტები.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე: „უნივერსიტეტი არის უნივერსალური საგანმანათლებლო კერა, რომელიც არის განათლების, მეცნიერების, კულტურის, ცივილური ღირებულებების და რაც მთავარია, თავისუფლების სიმბოლო და რომლის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე სახის საზოგადოებრივი წარმატება და განვითარების პერსპექტივის სწორი განსაზღვრა“. რექტორმა ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას ახალგაზრდა თაობის მეცნიერული კვლევა-ძიებით დაინტერესების, ქვეყნის მომავლისა და საზოგადოების განვითარებისთვის და ისაუბრა ისეთ ძირითად პრინციპებზე, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და სიყვარული, ხაზი გაუსვა, რომ ისინი საზოგადოების ძირითად ღირებულებებად უნდა იქცეს. დასასრულს ბატონმა ზურაბმა მადლობა გადაუხადა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს, ახალგაზრდა მკვლევარებს და წარმატებები უსურვა მათ მომავალ სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
მრგვალი მაგიდის მუშაობას ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი დავით ჯალაღონია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი რომეო გალდავა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ინდირა ძაგანია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნესტან კეკელია, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირმა დიხამინჯია, ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი დავით ზაქარაია და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალიის სხვა წარმომადგენლები.
ქართველებთან ერთად მოხსენებებით წარსდგნენ უკრაინელი და ლატვიელი დოქტორანტები (მოდერატორი – პროფესორი ლ. თაკალანძე და დოქტორანტი გ. დარჯანია):
„მიდგომები აღრიცხვის ICO-დაკავშირებულ ღონისძიებებში ევროპულ ეკონომიკურ ზონაში“ – ცერნისევს ოლეგს, ბალტიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი (რიგა, ლატვია);
„პერსონალის მოტივაცია – ევროკავშირის ქვეყნების მაგალითი“ – დარჯანია გიორგი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (თბილისი, საქართველო);
„შრომის კანონმდებლობის „ტურბულენტობა“ ევროკავშირის გზაზე“ – ლავრონოვა ივანა, ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტი (კიევი, უკრაინა);
„საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები: რა იქნება შემდეგ?“ – თაკალანძე ლაშა, ბაფალოს უნივერსიტეტის დოქტორანტი (აშშ);
„გერმანული მცირე და საშუალო კომპანიების კაპიტალის სტრუქტურის ანალიზი“ – შუღლიაშვილი თეონა, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის დოქტორანტი (მიუნხენი, გერმანია);
„ორგანიზაციული მართვა მწვანე ეკონომიკის პირობებში (ევროკავშირის გამოცდილება)“ – ყალიჩავა ცოტნე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (თბილისი, საქართველო);
„საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების პერსპექტივები ევროინტეგრაციის გზაზე“ – ჩეკსტურინა ანასტასია, განათლების მენეჯმენტის უნივერსიტეტი (კიევი, უკრაინა);
„დრონებით მორწყვის ოპტიმიზაცია“ – ანასტასია ზემცოვა, დანიილ დანილეიკო, ბალტიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი (რიგა, ლატვია).
მრავალფეროვანი მოხსენებებისა და პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა ფართო დისკუსია, კითხვა-პასუხი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომლის სამუშაო ენა ინგლისური იყო, ქართველი მეცნიერების გარდა, ჩართული იყვნენ ასევე მათი უკრაინელი და აზერბაიჯანელი კოლეგები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო, აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ცნობილი მეცნიერი ასიმან გულიევი.
დასასრულს, მრგვალი მაგიდის მუშაობის შედეგები შეაჯამა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა რომეო გალდავამ. წარდგენილ მოხსენებებს მაღალი შეფასება მისცეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ასისტენტ-პროფესორმა დავით ზაქარაიამ.
მთლიანობაში კი, მსგავსი ფორმატის ღონისძიების ჩატარებამ, სადოქტორო პროგრამის სტუდენტთა მოხსენებებმა, სამომავლო ხედვამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
დასასრულს პროფესორმა ლარისა თაკალანძემ მონაწილეებს ამცნო, რომ მუშაობის შედეგების მიხედვით მომზადდება ელექტრონული კრებული თემაზე: „ევროკავშირი მდგრადი განვითარებისთვის. ევროკავშირი საქართველოსთვის“, რომელიც განთავსდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიტზე.
მსგავსი ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციული გახდება.