ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების შესასრულებლად კონკრეტულ ვადებს არ უწესებს, „ეს არის დინამიური პროცესი და არ არის ხისტი მიდგომა“.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს განაცხადებთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა წარმოადგინა.
როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, თითოეულ ქვეყანაზეა დამოკიდებული, როგორ და რამდენად სწრაფად წავლენ წინ.
„გარკვეული რეფორმები უნდა განხორციელდეს და შესრულდეს. ეს არის დინამიური პროცესი, ეს არ არის ხისტი მიდგომა და პროცედურა, არც რაიმე განსაზღვრული ვადები არსებობს. რაც გაკეთდა იმას უკან ვერ დავაბრუნებთ. ეს არის დინამიკური პროცესი. ამიტომ ეს ყველაფერი ეფუძნება დამსახურებას. როცა ეს ყველაფერი გაკეთდება, ან თუ არ გაკეთდება სტაგნაცია იქნება – არაფერი წინ არ წავა. ხანდახან როდესაც ვხედავთ, რომ სხვა განმცხადებლები ამ სამისგან, რომელიმე უკან დაიწევს, შესაბამისი დამოკიდებულება იქნება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი არის დამსახურება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველას! ჩვენ ფინანსურად ვუჭერთ მხარს, ტექნიკური რჩევებით და ექსპერტული რჩევით, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ვცემთ პატივს. მათზეა დამოკიდებული, როგორ და რამდენად სწრაფად წავლენ წინ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
თავის მხრივ, ამავე ბრიფინგზე ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ დღეის და ხვალის ამბავი არ არის უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვის დაწყება.
როგორც ვარჰეიმ განმარტა, თუ ყველა კრიტერიუმი იქნება დაკმაყოფილებული, შემდეგი ნაბიჯი გადაიდგმება.
„დღეს პირველ გადაწყვეტილებას ვიღებთ ამ პროცესში, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსს ვურჩევთ. ამ პროცესიდან იწყება უკვე ათვლა. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. როდესაც ეს პირობები დაკმაყოფილდება, შემდგომ ავსახავთ ამას. თუ ყველა კრიტერიუმი იქნება დაკმაყოფილებული, შემდეგი ნაბიჯი იქნება გადადგმული, რაც გულისხმობს გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებას, მაგრამ ეს არ არის დღეის და ხვალის ამბავი“, – განაცხადა ვარჰეიმ.
ინფორმაციისთვის, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება