ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა დონორებს, რომ კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას -შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია გიგაურის მოწოდებაზე პარტნიორების მიმართ, რომ საქართველო დაასანქცირონ.

პაპუაშვილის თქმით, დიდი ხანია ცნობილია, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს.

„ამ განცხადებაშიც კარგად ჩანს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ რამდენიმე მილიონერ „ენჯეოს“ წარმომადგენელს. ეს ხალხი იყო, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ უნდა მოეცათ, ეს ხალხი ახლა ითხოვს საქართველოსთვის სანქციებს, საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი პატრიოტული დამოკიდებულება არ აქვთ. ამაში გასაკვირი არაფერია, დიდი ხანია ცნობილია, რომ რამდენიმე „ენჯეო“ პირდაპირ მუშაობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში თავის დონორებს სამიზნე მოუნიშნა, რომ კარგად, დამიზნებით გაარტყან ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური დასავლეთისგან საქართველოს სანქცირებას ითხოვს.