დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება ტარდება. ტრადიციულად ტაძრებში ხილს აკურთხებენ. ეს დღე თევზით ხსნილია.

მართლმადიდებლებისთვის ფერიცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

წმინდა სახარების მიხედვით, წამებამდე რამდენიმე ხნით ადრე მაცხოვარმა თავისი სამი მოწაფე – პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა. მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად მაღალ მთაზე განმარტოვდა და ლოცვა დაიწყო. დაღლილ მოციქულებს მიეძინათ. როცა გამოიღვიძეს, დაინახეს, რომ მათ მოძღვარს, იესო ქრისტეს ფერი ეცვალა: სახე მზესავით უბრწყინავდა, სამოსელი კი თოვლივით თეთრი ჰქონდა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი იესოსთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს თავს ელვარე ღრუბელი დაადგა და ხმა ჩაესმათ: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

სახარების თანახმად, მაცხოვარმა ფერიცვალება ინება იმისთვის, რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნესთვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა.

იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების ღამეს, თაბორის მთა ღრუბლით იფარება.