თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერმა წლიური ანგარიში და 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციას მიმართა. ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს პოლიტიკური კულტურა დაუწუნა და სხდომაზე უნიჭო პერფორმანსის მოწყობაში დაადანაშაულა.
როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, იმის ნაცვლად, რომ დღეს თბილისის 2023 წლის ისტორიულ ბიუჯეტზე ემსჯელათ, ოპოზიციამ დღევანდელი სხდომა ლევან ხაბეიშვილის, ე.წ. ქურქუმელ ვაითის საარჩევნო კამპანიად და ქუჩური გარჩევის პოლიგონად გადააქცია.
„ეს ის „ქურქუმელ ვაითია“, რომელიც კორუმპირებული კეზერაშვილის ფულით, ვითომ კორუფციას ებრძვის. ერთი სასამართლო პროცესი მან უკვე წააგო და ჯარიმების გადახდაც მოუწევს. თქვენ აგრძელებთ ადამიანებისთვის კორუმპირებულის უაპელაციოდ ძახილს და „ატკატებზე“ საუბარს. სწორედ ამიტომ, სასამართლო პროცესი ტვ „პირველმა“ და მისმა „გუგლის და ორი ღერი ინგლისურის მცოდნე“ წამყვანმაც წააგო. ისწავლეთ პოლიტიკური კულტურა და შემდეგ ისაუბრეთ თანამშრომლობაზე. ეს პროცესი ცალმხრივი ვერ იქნება“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს ბორკილები ადევს იმას, ვისაც უნდა ედოს და ზის იქ, სადაც უნდა იჯდეს. ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიცია მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაშიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აბსურდია იმის თქმა, თითქოს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმიტომ ვერ იღებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ოროთახიან ლუქსში, დედასთან ერთად იხდის.
„სააკაშვილი იქნება ჯანმრთელად, სააკაშვილი იცხოვრებს დიდხანს და სააკაშვილი ჯერ კიდევ სასჯელის მოხდის პროცესში იქნება, როცა საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ვლადიმერ ბოჟაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ წევრებსაც მიმართა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ამ პარტიის წარსულ საქმიანობაზე მათაც მოუწევთ. მისი თქმით, ახალი წევრებიც წარმოადგენენ იმ გუნდს, რომელმაც ქვეყანას ამდენი უბედურება მოუტანა. ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მომავალი არ აქვს. უმრავლესობის დეპუტატი დაინტერესდა აპირებს თუ არა ოპოზიცია მხარი დაუჭიროს დედაქალაქის ისტორიულ ბიუჯეტს.
„თქვენ არც სოციალური პროგრამები გაინტერესებთ, არც ინფრასტრუქტურა, არც განათლება, არც სპორტი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ბიუჯეტს ხმას არ მისცემთ. სწორედ ამიტომ, 2024-შიც და 2025-შიც იმაზე უარესს მიიღებთ, ვიდრე 2012-ში. მერე ნუ გაგიკვირდებათ თბილისელების და მთელი საქართველოს გადაწყვეტილება“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
გამოსვლის ბოლოს, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა დედაქალაქის მერს და მთავრობას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.