„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილს წერილმა ბევრი კითხვა გააჩინა, მათ შორის, ივანიშვილსა და საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს შორის გამართული შეხვედრის შესახებ.
მისი თქმით, ივანიშვილმა დიდი ხანია პოლიტიკა დატოვა და დეგნანთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს.
„ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ის პოლიტიკაში აღარ არის, ასე რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და დარწმუნებული ვარ პასუხები გაეცემა,“ – აღნიშნა კალაძემ.
მან ბიძინა ივანიშვილის წერილის იმ ნაწილზე გააკეთა კომენტარი, სადაც ომში ჩართვაზეა საუბარი. კალაძის თმით, მმართველი გუნდი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე იყოს.
„დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ეს ხომ ციდან მოტანილი თემა არ არის – თქვენ ხომ არაერთი განცხადება მოისმინეთ, თუ როგორ მოგვიწოდებდნენ პირდაპირ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი. პირდაპირ იყო საუბარი ომში შეხიდებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან განვიცდით იმას, რაც უკრაინაში ხდება, ყველანაირად თანავუგრძნობთ, ჩვენი მხრიდან ყველა საერთაშორისო არენაზე ყველანაირად მხარდაჭერა აქვს, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გამოვდივართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ისეთი ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას ხელს შეუშლიდა და ევროპულ ღირებულებებს შეურაცხყოფდა.
„ის ცალკეული განცხადებები, რომელსაც ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ვისმენთ, ეს არც მეგობრული განცხადებაა, არც პარტნიორული განცხადებაა, არანაირი ინტერესი მათ არ გააჩნიათ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, იყოს განვითარებული, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ რეფორმები და ამ რეფორმებით იმ დიდი ოჯახის წევრი გავხდეთ, რასაც ევროპა ჰქვია. ეს კონკრეტული ადამიანები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები და კონკრეტული პოლიტიკოსის მხარდამჭერები. შესაბამისად, მათ და მათ განცხადებებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებთან არანაირი კავშირი არ აქვს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.
ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“.