ჩემთვის გასაოცარია, რომ ბევრი ქვეყნისგან გვესმის მოწოდება, დასრულდეს ეს კონფლიქტი, რაც ჩვენ ყველას გვინდა, მაგრამ არავისგან მესმის, რომ „ჰამასმა“ შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან ამოფარება და იარაღის დადება, რათა დანებდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„თუ „ჰამასი“ ამას იზამს, ხვალვე დასრულდება ყველაფერი. თუ „ჰამასი“ ამას იზამდა, ეს მოხდებოდა ერთი თვის, ექვსი კვირის უკან“,- განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, მისთვის გასაგებია, რომ ყველას სურს კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, მაგრამ თუ ეს კონფლიქტი „ჰამასის“ დარჩენით დასრულდება, მაშინ მათ ექნებათ შესაძლებლობა 7 ოქტომბრის თავიდან გამეორების, რაც არც ისრაელის და არც რეგიონის ინტერესებში არ შედის.
„როგორ შეიძლება, რომ მოთხოვნა არ იყოს აგრესორის მიმართ და მხოლოდ მსხვერპლის მიმართ იყოს“,- განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენს ასევე ჰკითხეს ღაზის სექტორში დაღუპულების ზრდის შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ ბრძოლები „დაბალი ინტენსიურობის ფაზაში უნდა გადავიდეს“.
„ჩვენ ველით და გვინდა, ვიხილოთ გადასვლა უფრო მიზანმიმართულ ოპერაციებზე, უფრო მცირე რაოდენობის ძალებით, რომლებიც ორიენტირებულები არიან „ჰამასის“ ხელმძღვანელობასთან, გვირაბის ქსელთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ბრძოლაზე. და როცა ეს მოხდება, ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, თუ როგორ შემცირდება მშვიდობიან მოსახლეობაზე ზიანი“, – ამბობს ბლინკენი.