„ჰამასმა“ ერთკვირიანი ზავის შესახებ ისრაელის შეთავაზებაზე უარი თქვა -WSJ

პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ უარი თქვა ისრაელის მთავრობის წინადადებაზე, რომელიც ათობით მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ საბრძოლო მოქმედებების ერთი კვირით შეწყვეტას ითვალისწინებდა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ეგვიპტეს მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

გაზეთის წყარო აცხადებს, რომ ისრაელი 7 ოქტომბერს გატაცებული 40 მძევლის გათავისუფლებას ითხოვდა – ქალების, ბავშვების და ხანდაზმული კაცების, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ამის სანაცვლოდ კი ისრაელი „ჰამასს“ ღაზას სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების ერთი კვირით შეჩერებასა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას სთავაზობდა.

მოლაპარაკებებში პირველად უნდა მიეღოთ მონაწილეობა სიმძლავრით მეორე პალესტინურ დაჯგუფების „ისლამური ჯიჰადის“ წევრებს, თუმცა ისინი ითხოვდნენ, რომ ისრაელს საბრძოლო მოქმედებები მოლაპარაკებების დაწყებამდე შეეწყვიტა. მათ ასევე სურდათ, რომ ისრაელს 100-ზე მეტი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ციხეებიდან დაჯგუფების ათასზე მეტი წევრი გაეთავისუფლებინა. ამ დროისთვის ღაზაში 137 ისრაელელი მძევალი რჩება, მათ შორის 19 ქალი და 2 ბავშვია.

ისრაელმა და „ჰამასმა“ ერთ ხანმოკლე ზავს უკვე მიაღწიეს, რომელიც 24 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე მოქმედებდა. შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ 105 მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა კი ციხეებიდან 210 პალესტინელი.

„ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შედეგად 1 200 ადამიანი დაიღუპა. პალესტინური მხარე აცხადებს, რომ „ცაჰალის“ საპასუხო ოპერაციას ღაზაში 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.