არის გამოხატული სურვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რაც კიდევ ერთხელ გაიმეორა კასიანოვმა, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რამდენად სწორია ასეთი დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან.
„კიდევ ერთხელ მოხდა იმის აფიშირება, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ. არის პირდაპირი, გამოხატული სურვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რაც კიდევ ერთხელ გაიმეორა სამწუხაროდ კასიანოვმა. საზოგადოებამ უნდა განსაჯოს ეს ყველაფერი და რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველომ უკრაინას ბევრად მეტი დახმარება უნდა გაუწიოს.
„მადლობელი ვართ ჰუმანიტარული დახმარების, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ვფიქრობთ, რომ საქართველომ უკრაინას ბევრად მეტი დახმარება უნდა გაუწიოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ ბარბაროსული აგრესიის ფონზე“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.