არანაირ ანტიევროპულ და ანტიდასავლურ პროცესებზე საუბარი არ ყოფილა, არც ჩვენი ყოფილი კოლეგები და არც ჩვენ ამ საკითხს არ განვიხილავთ – ევროინტეგრაცია და სიმშვიდე უნდა იყოს ამოსავალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მათ განსხვავებული ხედვა აქვთ საზოგადოების ინფორმირების მასშტაბთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვქონდა გარკვეული პოლემიკა, მაგრამ მათი ხედვა ვერ ემთხვევა ჩვენს ხედვას. ჩვენი ხედვა არის ისეთი, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს დღეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ ემსახურება იმას, რომ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკა არსებობდეს და ამავდროულად შენარჩუნებული უნდა იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე.ეს მიზნები აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენს ყოფილ კოლეგებსაც, უბრალოდ მათი ხედვა იმ გზაზე, რა გზებითაც ჩვენ ეს ორი კომპონენტი უნდა გვქონდეს, არის განსხვავებული. დანარჩენ საკითხებზე ისინი თავად ისაუბრებენ. ჩვენი პოზიციაა არის, რომ ჩვენ გვინდა სიმშვიდე და სტაბილურობა, რომ დავაჩქაროთ ევროინტეგრაცია და ევროპა გვინდა იმიტომ, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა, რადიკალური ოპოზიცია კი სთავაზობს საზოგადოებას, რომ თუ ომი არ იქნება, ისე ევროპაში ვერ შევალთ. არანაირი პრობლემა, რომ საქართველოში სიმშვიდესთან ერთად უნდა იყოს ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი, არ არსებობდა მათი მხრიდან, საუბარია იმაზე, რომ ინფორმირება უნდა იყოს მასშტაბური,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისათვის, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა ქართული ოცნება“ დატოვეს.