“არ მინდა, საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ყველა შემთხვევაში ის არის ლუკასის დედა”-

ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს შვილთან ამ პროცესების გამო ბოლო 2 წელია ურთიერთობა არ მქონია, მინდა დავიწყო ამ ურთიერთობების აღდგენა და გაციებული ურთიერთობის გამოსწორება, – ამის შესახებ ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

 

მისი თქმით, მისი მისამართით გაჟღერებული „ამდენი ცრუ ბრალდება“ ძალიან რთული ასატანი იყო, ამიტომ “უხარია, რომ ყველაფერი დამთავრდა”.

 

როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილმა აღნიშნა, საჯაროს არ სურს ნეგატიური საუბარი.

 

„ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, დავიწყო შვილთან ურთიერთობების თავიდან აღდგენა, გაციებული ურთიერთობების გამოსწორება და პირველ რიგში ჩემი ნაბიჯი იქნება ეს. მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა, საჯაროდ რაღაც ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ყველა შემთხვევაში ის არის ლუკასის დედა, ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. არ მინდა, ჩემს პირადზე ვისაუბრო, ცოტა გადავხარშავ, დავლაგდები და განვიხილავ.

 

მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება. ვნერვიულობდი, ზოგადად, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მით უმეტეს, როდესაც იყო ჩემი ხმა გაშვებული სატელევიზიო სივრცეში, ეს ძალიან არასწორად, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე.

ეს შინაარსი ზოგადად არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ ჩემთვის ეს მომენტი, ამდენი ცრუ ბრალდება, ძალიან რთული ასატანი იყო. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის ახლა პრიორიტეტია ბავშვთან ურთიერთობის აღდგენა და შემდეგ პროფესიული კარიერა“, – განაცხადა ბასილაშვილმა.