აქციის მონაწილეებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე – მაშველებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, სახანძრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ჩაუკეტეს გზა და მეხანძრე-მაშველებს არ მისცეს ინციდენტის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა. მოქალაქეები მანქანას ურტყამდნენ ხელებს და სხვადასხვა ნივთებს.

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კიდევ ერთი დესტრუქციული და უკანონო ქმედების შესახებ.

საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო „რედისონის“ მახლობლად მდებარე კაფე “ღვინოს” მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ხანძარი.

მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, სახანძრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ჩაუკეტეს გზა და მეხანძრე-მაშველებს არ მისცეს ინციდენტის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა. მოქალაქეები მანქანას ურტყამდნენ ხელებს და სხვადასხვა ნივთებს.

ასევე, აქციის მონაწილეებმა თავად დააპირეს წყლის რეზერვუარის ონკანის გახსნა, რის გამოც მეხანძრე-მაშველები იძულებულნი გახდნენ თავად დაეცალათ წყლისგან სახანძრო ავტო-ცისტერნა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის ყოველგვარ ფორმას.
ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ასევე, მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებსა და თითოეულ მოქალაქეს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.