ანტიევროპული ხელისუფლება არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას და ანადგურებს საქართველოს ეროვნულ პერსპექტივას, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ოჯახის კარი არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ჩვენი ქვეყნისათვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ბოლო დღეებში ანტიდასავლურ, ორგანიზებულ კამპანიას ვხედავთ, რომლის ერთადერთი მიზანია ივანიშვილის დაცვა ევროპისგან, მთლიანად თავისუფალი სამყაროსა და პოლიტიკური ოპოზიციისაგან.
„მოგეხსენებათ, „ქართული ოცნება“ სანქციების შიშით წერამ აიტანა. ბოლო დღეებში ვხედავთ ანტიდასავლური პოლიტიკური ეპისტოლეების ამოფრქვევას, რომელთა მოტივია პატრონყმური ერთგულების დემონსტრირება ივანიშვილის მიმართ. ამ კამპანიაში ჩართულია ყველა: დეპუტატები, საკრებულოს წევრები, მინისტრები და თვით პრემიერ-მინისტრი. ორგანიზებული კამპანიის ერთადერთი მიზანია ივანიშვილის დაცვა ევროპისგან, აშშ-სგან, მთლიანად თავისუფალი სამყაროსა და პოლიტიკური ოპოზიციისაგან. ცდილობენ დაამტკიცონ, რომ „გაზპრომის“ მეწილე, ევტუშენკოვის მეგობარი ივანიშვილი სინამდვილეში არ არის ოლიგარქი და ყველაფერი მითიური მტრების გამოგონილია. წერილის ავტორების საზრუნავი მხოლოდ ბიძინას ფულია, რისთვისაც მზად არიან საქართველოს ეროვნული ინტერესები გადაააყოლონ.
„ოცნება“ არ თაკილობს ყველაზე უფრო ამორალურ და ანტიეროვნულ ნაბიჯებს, როდესაც ომის დაწყებაში ბრალს და ამის მცდელობა ბრალს სდებენ როგორც აშშ-ს, ასევე მთელს ევროკავშირს და ევროპელ დეპუტატებს. თუ ვინმეს დამატებითი არგუმენტი სჭირდებოდა ივანიშვილის არაფორმალური მართვის და ოლიგარქობის დასამტკიცებლად, ეს არგუმენტი ჩვენს წინაშეა სწორედ ამ კამპანიის სახით, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს და სრულ მორჩილებას უცხადებს ოლიგარქს. ანტიევროპული ხელისუფლება არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას და ანადგურებს საქართველოს ეროვნულ პერსპექტივას, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ოჯახის კარი არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ჩვენი ქვეყნისათვის. ერთადერთი ადამიანი გვაშორებს ჩვენს მიზანს, ერთადერთი კაცი უხურავს ქართველებს ევროპის კარს, ეს არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, მხოლოდ ის დგას საქართველოსა და ევროპას შორის“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.