ამერიკული ელიტის ნაწილი ფორმალურად მზად არის, გაწიროს უკრაინა თავისი შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის -არესტოვიჩი

ამერიკული ელიტის ნაწილი ფორმალურად მზად არის, გაწიროს უკრაინა თავისი მცირე შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.

“იმედი მაქვს, ყველამ კარგად გაიაზრა ის, რაც დღეს კონგრესში ხდება. ამერიკული ელიტის ნაწილი ფორმალურად მზად არის, გაწიროს უკრაინა თავისი მცირე შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის”, – დაწერა ყოფილმა მაღალჩინოსანმა Facebook-ის გვერდზე.

აშშ-ის სენატმა დაბლოკა იმ კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა, რომელიც მათ შორის უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებდა.

უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტმა ვერ მიიღო საჭირო 60 ხმა აშშ-ის სენატში პროცედურული კენჭისყრის დროს.

დოკუმენტი ითვალისწინებს დამატებითი დაფინანსების გამოყოფას 106 მილიარდი დოლარის ოდენობით, აქედან 61 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად.

კონგრესში “რესპუბლიკელებმა” განაცხადეს, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს უკრაინის დაფინანსებას მანამ, სანამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არ შეცვლის მიდგომას აშშ-ის საზღვრის დაცვის მიმართ.