“მიმდინარე კვირას არის კარგი ამბები ხარკოვის რაიონიდან. როგორც ჩანს, უკვე ყველამ ნახეთ უკრაინელი დამცველების აქტიურობის შესახებ ინფორმაცია და ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ამაყობს ჩვენი მებრძოლებით. ეს არის დამსახურებული სიამაყე, სწორი განცდა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროების წარმატება ამა თუ იმ მიმართულებით ცვლის ზოგად მდგომარეობას მთელ ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადას, 92-ე მექანიზებულ ბრიგადას და 80-ე საჰაერო სადესანტო თავდასხმის ბრიგადას ხარკოვის რაიონში განხორციელებული წარმატებული ოპერაციების გამო.
„მიმდინარე კვირას არის კარგი ამბები ხარკოვის რაიონიდან. როგორც ჩანს, უკვე ყველამ ნახეთ უკრაინელი დამცველების აქტიურობის შესახებ ინფორმაცია და ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ამაყობს ჩვენი მებრძოლებით. ეს არის დამსახურებული სიამაყე, სწორი განცდა. ახლა ჯერ არ არის იმის დრო, რომ დავასახელოთ ესა თუ ის დასახლებები, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება, მაგრამ დროა მადლობა გადავუხადოთ 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადას, 92-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადას და 80-ე სადესანტო თავდასხმის ბრიგადას საბრძოლო მისიების დროს გამოჩენილი სიმამაცისა და გმირობისთვის.
ჩვენი სამხედროების ყოველი წარმატება ამა თუ იმ მიმართულებით ცვლის ზოგად მდგომარეობას მთელ ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ. რაც მეტი სირთულე, მეტი დანაკარგი ექნებათ ოკუპანტებს, მით უკეთესი იქნება ჩვენი დამცველების პოზიციები დონბასში, მით უფრო საიმედო იქნება ზაპორიჟიეს, მიკოლაივის და დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქების დაცვა, მით უფრო სწრაფად შევძლებთ აზოვის რეგიონისა და მთელი სამხრეთის გათავისუფლებას.” – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ რუსების მიერ ტყვედ აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მათ გასათავისუფელბლად.
“დღეს კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მგრძნობიარე. ეს ეხება ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ უკრაინელებს. უკრაინის დაზვერვისა და სხვა ჩართული სტრუქტურებისა და ხალხის დონეზე, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მივაღწიოთ ჩვენი ტყვეების გათავისუფლებას. ეს სამუშაო არასდროს შეწყვეტილა. და ჩვენი დამცველების აქტიური ქმედებები ასევე ნიშნავს მტრის საკმარისი რაოდენობის დაკავების შესაძლებლობას, რათა მოხდეს გაცვლა, უკრაინელი ტყვეების განთავისუფლება. ხაზს ვუსვამ: ჩვენ გვახსოვს ყველა ჩვენი ხალხი, რომელიც ოკუპანტების ტყვეობაში არიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.