“ჩანაწერი არ მომისმენია, არც მინდა, მოვისმინო, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით.
„ეს არის სისულელე. საიდან მოიგონეს საერთოდ, რა ჩანაწერი, რას ბოდავენ, რას ჩხლართავენ. არ მომისმენია ეს ჩანაწერი, არც მინდა, მოვისმინო და არც დრო არ მაქვს ამისი. ყველა ხედავს, რითიც ვარ დაკავებული და რასაც ვაკეთებ. ჩანაწერი მოიგონეს ახლა ახალი.
„არ მომისმენია და არც მაინტერესებს ეს სისულელეები. ორი წლის წინ რომ ვიღაცამ დამირეკა, ახლა გაახსენდათ ორი წლის წინანდელი ამბავი, ახლა მაინცდამაინც, როცა ჩემი შვილის პროცესები მიდის?! რას ნიშნავს ახლა ეს? რა თქმა უნდა უარვყოფ, რა სისულელეა, რას ბოდავენ, რას ჩხლართავენ. შეიძლება ყველა იყოს, ვინც ჩემი და ჩემი შვილის წინააღმდეგია. არ გელაპარაკებით, ეს თემა საერთოდ არ მაინტერესებს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე.
ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.