უკრაინის პრეზიდენტმა ყოფილ უკრაინელ დეპუტატებს – ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს და რენატ კუზმინს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტა.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პირებისთვის მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე მოხდა.
„თუ ხალხის რჩეულები ირჩევენ არა უკრაინელი ხალხის, არამედ უკრაინის მიწაზე მოსული მკვლელების სამსახურში ყოფნას, მაშინ ჩვენი ქმედებებიც შესაბამისი იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ტარას კოზაკი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გაიქცა რუსეთში. მას სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ. ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში იმალებოდა და რუსეთში გაქცევის მცდელობისას დააკავეს. მოგვიანებით, ის უკრაინელ სამხედრო ტყვეებში გაცვალეს. ექს-დეპუტატი დერკაჩი, უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის გენშტაბის ჯაშუშურ ქსელს ხელმძღვანელობდა ახლა მასზე ძებნაა გამოცხადებული. დეპუტატი კუზმინი ეჭვმიტანილია სახელმწიფოს ღალატში და უკრაინაში მასზეც ძებნაა გამოცხადებული.