დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან შვილმოკლული მშობლები მოვედით, რათა ჩვენი ხმა კიდევ ერთხელ გავაგონოთ იმ ადამიანს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია, რომელიც იდგა ჩემ გვერდით, მონაწილეობდა ყველა იმ აქციაში, სადაც ჩვენ ვიყავით, – ამის შესახებ გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვიცი, რომ დაგღალეთ. ჩემი ჭირისუფალი კი არ ხართ, თქვენ ხართ საქართველოს ჭირისუფალი. ჩვენ დღეს აქ შვილმოკლული მშობლები მოვედით, რათა ჩვენი ხმა კიდევ ერთხელ გავაგონოთ იმ ადამიანს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია და რომელიც ჩემს გვერდით იდგა, ყველა აქციაში მონაწილეობდა, სადაც ჩვენ ვიყავით. დღეს ის ჩაგვესმა ყურში, რომ აპირებს მიშა სააკაშვილის შეწყალებას. მე, შვილმოკლული მამა, რომელიც უკვე ისე ვარ დაუძლურებული, არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებ, მაგრამ ისე არ მინდა, ამ ქვეყნიდან წავიდე, სააკაშვილი, ყოველთვის მინდა, ციხეში იჯდეს. იმ ციხეში, სადაც მას ეკუთვნის ყოფნა და არა იქ, სადაც დღეს არის. ის მტარვალი კაცი ამბობს, თურმე ციხეში ვერ ძლებს. წამოვიდეს და ნახოს, ჩემი გიორგი როგორ ძლებს მიწაში, ბუტა რობაქიძე როგორ ძლებს მიწაში, გურამ შარაძეს როგორ ესროლა ვიღაც მტარვალმა, მიშა სააკაშვილის დავალებით. თქვენ გგონიათ, ის ადამიანები, რომელთა ლიკვიდაციაც ქუჩაში მოხდა, იმ მკვლელების ინიციატივა იყო?! არა, ბატონებო. სააკაშვილი ექსპერიმენტს ატარებდა საქართველოში, ადამიანები ისე უნდა დაეშინებინათ, რომ გეთქვა სახელი „მიშა“, ყველას კანკალი უნდა დაეწყო. დღეს ჩვენი აქ ყოფნა არის გამაფრთხილებელი აქცია. ეს აქციები იქნება ძალიან ხშირად, უფრო დიდი მასშტაბით. იმ დედებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მიშა სააკაშვილის გათავისუფლებას, ვაჩვენებთ, როგორ უნდა ხელის მოწერა. ჩვენ დავიწყებთ ხელის მოწერას იმისთვის, რომ 2023 წელი გაუთენდეს საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“, – განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.