“მელიქიშვილის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც მგზავრებს 29 მარშრუტზე 128 შემადგენლობა ემსახურება”-კახა კალაძე

რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. როგორც არაერთხელ მითქვამს, მსგავსი პროექტების განხორციელებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ტრანსპორტის გადაადგილება. ჩვენი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული და ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მელიქიშვილის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც 29 მარშრუტზე 128 შემადგენლობა ემსახურება მგზავრებს. აქ დღის განმავლობაში საზოგადოებრივ ტრანსპორტს 170 000-მდე მგზავრი გადაჰყავს. აღნიშნული დერეფნის ამოქმედება ნიშნავს, რომ ამ კვანძზე გამავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდე უფრო სწრაფად და შეუფერხებლად იმოძრავებს. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, დავაჩქაროთ ქალაქში არსებული კონკრეტული პრობლემური კვანძების მოწესრიგება.

რატომ არის აუცილებელი ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი აჩქარება? მოგაწვდით სტატისტიკურ მონაცემებს და დასკვნები თავად გააკეთეთ- 2017 წელს ქვეყანაში ავტომობილების მფლობელთა რიცხვი შეადგენდა 31%-, დღეს კი ეს ციფრი 48%-ს აღწევს. საშუალო წლიური ზრდა გვაქვს 9%. ეს ნიშნავს, რომ 5-7 წელიწადში ჩვენ მივაღწევთ ავტომობილის ფლობის საშუალო ევროპულ მაჩვენებელს-70%-ს. თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, კვირაში 5 ან მეტი დღით, ავტომობილს გამოიყენებს მოსახლეობის 8%, მაშინ, როდესაც საქართველოში აღნიშნული მონაცემი 92%-ს უტოლდება.

უშუალოდ თბილისში სამუშაო დღეებში გადაადგილდება 600 000-მდე ავტომობილი, 2017 წელს კი 380 000 ავტომობილი მოძრაობდა იგივე დღეებში. როგორც თავშივე აღვნიშნე, დასკვნები თქვენთვის მომინდვია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, სატრანსპორტო დერეფნების მოწყობა არის ერთადერთი გზა საიმისოდ, რომ მოსახლეობას შევთავაზოთ სწრაფი გადაადგილება. იმისთვის რომ ტრანსპორტი არ იყოს გადატვირთული და მოლოდინის დრო შემცირდეს, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები და საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილისთვის ურბანული სივრცეები თანაბრად გადავანაწილოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.