თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის დაწყებას ათასობით ადამიანი, სამ ათეულ წელზე მეტი ელოდა. ეს განცხადება რევაზ სოხაძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
მისივე განცხადებით, უახლოეს მომავალში რაიონის მაჟორიტარები მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს იწყებენ, რათა სახლების მესაკუთრეებს კიდევ ერთხელ განუმარტონ თუ რა პროცესია ეს და რა პროცედურები ახლავს თან.
„ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარე წლის დასაწყისში დავიწყეთ, საკრებულომ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების წესიც დაამტკიცა. რამდენიმე დღის წინ კი წარმატებით დასრულდა ინტერესთა გამოხატვა, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს და სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილში ე.წ. ხრუშოვკის ადგილას პირველ პროექტს განახორციელებს“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მაჟორიტარი დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში და პროგრამის განხორციელება საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით შეუფერხებლად წარიმართება.